ყოველდღიურ ცხოვრებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები უამრავ სოციალურ ბარიერს და დისკრიმინაციას აწყდებიან. განსაკუთრებით რთულია შშმ დედების მდგომარეობა, რომლებიც შვილებზე ზრუნვისა და საოჯახო შრომის ტვირთს სრულად იღებენ საკუთარ თავზე. ეს ტვირთი კიდევ უფრო მძიმდება მაშინ, თუ ოჯახი სოციალურად დაუცველია.
43 წლის ადელინა ესოიანი ნინოწმინდაში მდებარე ორსართულიან მიტოვებულ შენობაში მარტო ზრდის სამ არასრულწლოვან შვილს. ადელინა ბავშვობიდან ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებს ებრძვის. სამი წლის ასაკში ყივანახველამ მხედველობა მნიშვნელოვნად დაუზიანა. მოგვიანებით თვალის ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ ამის მიუხედავად, მხედველობა სრულად დაკარგა.
ადელინა მარტოხელა დედაა. ის მარტო უმკლავდება ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ადელინას შვილები ქართულ სკოლაში სწავლობენ, რადგან დედის თქმით, ეს მათი ინტეგრაციისთვის საუკეთესო გზაა. თუმცა, იმის გამო, რომ სკოლას ტრანსპორტი არ ემსახურება, ადელინა ხშირად დამოკიდებულია კეთილ ადამიანებზე, რომლებიც მას ბავშვების სკოლიდან სახლში მიყვანაში ეხმარებიან.
ადელინას დამოუკიდებლად უწევს მაღალ კომუნალურ გადასახადებთან და შვილების საკვებითა და ტანსაცმლით უზრუნველყოფის ხარჯებთან გამკლავება. მიუხედავად იმისა, რომ დრო და დრო, ქველმოქმედების სახით იღებს საკვებსა და ტანსაცმელს შვილებისთვის, მისი ყოველდღიური ცხოვრება გაუსაძლისია. განსაკუთრებით რთულია თავის გატანა ზამთარში, რადგან სახლის გათბობა განსაკუთრებით მძიმე ტვირთია. ბუნებრივი აირის მაღალ ფასებს ვერ უმკლავდება და ალტერნატიული გზების მოძებნა უწევს. ზაფხულში ნაკელს აშრობს და შეშას ყიდულობს, რათა ზამთარში სახლი გაათბოს.
-”საწვავს ვაშრობთ, რადგან არ არის შესაძლებლობა, ბუნებრივი აირით გავათბოთ და ქალაქელებივით ვიცხოვროთ“ – ამბობს ის.
თუმცა, წელს ესეც ვერ მოახერხა, რადგან საწვავის შესაძენად დაგროვილი თანხის მკურნალობაზე დახარჯვა მოუწია.
ადელინას ყოველდღიური ცხოვრება კიდევ უფრო რთულდება ქალაქის ინფრასტრუქტურის არადაპტირებულობით. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო დაწესებულებებს ძირითადად აქვთ პანდუსები, კერძო კორპუსების უმეტესობა პანდუსების გარეშეა, რაც გადაადგილებას მნიშვნელოვან პრობლემად აქცევს. სახლიდან მარტო გასვლა განსაკუთრებით უჭირს. ქუჩებში არსებული ორმოები კიდევ უფრო ზრდის მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს.
-”ბავშვობიდან ბრმა ვარ და ამით დისკომფორტს ვგრძნობ, მაგრამ ქუჩაში მარტო გასვლის მეშინია. ახალ ორმოებს შეიძლება ვეღარ მოვერიდო, ამიტომ ბავშვები ყოველთვის ცდილობენ, გვერდით მედგნენ,“ – ამბობს ადელინა.
მისი ისტორია მაგალითია, თუ რამდენ შრომასა და ძალისხმევას დებს შშმ დედა საკუთარი შვილების მოვლასა და ოჯახის კეთილდღეობაში, მიუხედავად ინფრასტრუქტურული პრობლემებისა, მძიმე სოციალური პირობებისა და მარტოობისა. ის ყოველდღიურად უმკლავდება გამოწვევებს, რომლებიც ბევრისთვის დაუძლეველი შეიძლება ჩანდეს. ადელინას ცხოვრებისეული მაგალითი ასახავს უამრავი სხვა ქალის რეალობას რეგიონებში, სადაც ქალებს მარტო უწევთ გაუმკლავდნენ როგორც შიდა საოჯახო საქმიანობას, ისე ბავშვების მოვლას. იმის გამო, რომ მათ თითქმის არ აქვთ მხარდაჭერა კომუნალური სერვისებისა თუ ეკონომიკური პოლიტიკის მხრივ, ოჯახური და საოჯახო შრომის ტვირთი ერთიორად იზრდება. ამ პირობებში ადელინას მსგავს ქალებს უწევთ საკუთარი რესურსებით და ხშირად ქველმოქმედების იმედად დაძლიონ ის სირთულეები, რომელთა მოგვარება სახელმწიფოს მხარდაჭერას მოითხოვს. მათი მძიმე შრომა და თავგანწირვა არა მხოლოდ მათი ოჯახის, არამედ მთელი რეგიონის სოციალურად დაუცველი მდგომარეობის სარკეა.