2024 წლის 3 ოქტომბერს რადიო NOR-მა გამოაქვეყნა ჟურნალისტური მასალა, რომელიც სოფელ გორელოვკაში მდებარე ბუღდაშენის მდინარეში არსებულ ეკოლოგიურ კრიზისს ეხებოდა. სტატიაში წარმოდგენილია ფოტო- და ვიდეომტკიცებულებები, რომლებიც მდინარის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებს.
კადრებში აშკარად ჩანს, რომ მდინარეში გადაყრილია მინის ბოთლები, ჩაედინება კანალიზაციის მილიებიდან გამოშვებული წყალი, ხოლო მდინარის კალაპოტში დაგროვილია პირუტყვის ფეკალური მასები. აღნიშნული ფაქტები ეკოლოგიური ნორმების სერიოზულ დარღვევაზე მიუთითებს და საჭიროებს ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბუნებისდამცავი ორგანიზაციების მხრიდან დაუყოვნებელ ჩარევას.
,,მდინარე ბუღდაშენის კრიზისი გორელოვკაში და საზოგადოებრივი უპასუხისმგებლობა” ფოტო-ვიდეო
მასალის გამოქვეყნებიდან ერთ კვირაში, ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები, მათ შორის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ტიგრან ეგოიანი, ეწვივნენ სოფელ გორელოვკას და ადგილზე შეაფასეს მდინარის დაბინძურების მასშტაბი. ვიზიტის შემდეგ ეგოიანმა განაცხადა, რომ საკითხს წარუდგენს ადგილობრივ ხელისუფლებას და განიხილება შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
თუმცა, არც ამ წელს ბუღდაშენის წყლის აუზზე ჟურნალისტების ვიზიტის შემდეგ არ შეინიშნება რაიმე პოზიტიური ცვლილება — ამ დროის განმავლობაში რეალური ცვლილებები არ განხორციელებულა. მდინარის გაწმენდითი სამუშაოები დღემდე არ ჩატარებულა.
სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები ამბობს:
„გაზაფხულზე, როცა თოვლი დნება, მდინარე შედარებით სუფთად გამოიყურება, მაგრამ ივლისის დასაწყისში წყალი სრულიად შრება და ჭაობად იქცევა. სუნი და ანტისანიტარია მთელ სოფელში ვრცელდება“.
ეკოლოგიური საფრთხის მასშტაბები ამ ეტაპზე ჯერ კიდევ გაურკვეველია, ისევე როგორც თავად წყლის აუზის ბედი. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა არაერთხელ მიუთითეს პრობლემის სიმძიმეზე. არსებული ვითარება ერთჯერად რეაგირებას არ ჰყოფნის — საჭიროა მდინარის გაწმენდის, საკანალიზაციო წყლების რეგულირებისა და მონიტორინგის სისტემის შექმნის გრძელვადიანი და მდგრადი გეგმა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს გორელოვკა შეინარჩუნოს ბუნებრივი გარემო და უზრუნველყოს სუფთა წყალი ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
მდინარე ბუღდაშენი — ფარავნის მარცხენა შენაკადია, რომელიც გაედინება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ გორელოვკის გავლით. იგი იღებს სათავეს ამავე სახელწოდების ბუღდაშენის ტბიდან, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 2040 მეტრის სიმაღლეზე, და ეშვება მდინარე ფარავანში ოროჯოლარის მახლობლად.