ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჯავახეთის სხვადასხვა ნაწილში დათვები გამოჩნდნენ.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჯავახეთის სხვადასხვა ნაწილში დათვები გამოჩნდნენ.თუ ადრე ისინი მხოლოდ შორეულ სოფლებში ან მათ შემოგარენში ჩნდებოდნენ, სადაც ფუტკარი და თაფლია , წელს დათვები უპრობლემოდ გადაადგილდებიან არა მხოლოდ სოფლებში, არამედ ნინოწმინდის ქუჩებშიც.
გარკვევა, ერთი დათვია ეს თუ რამდენიმე — შეუძლებელია. თუმცა 3 ივნისიდან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მტაცებლის გამოჩენის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. შორეული სოფლის, ეფრემოვკის მცხოვრებმა ვიდეოზე დააფიქსირა ის მომენტი, როდესაც დათვი ავტომობილის ფარის შუქის დანახვისას გაქცევას იწყებს. მანამდე დათვი ასევე დაფიქსირდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ სულდასთან.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დათვი არა მხოლოდ ეფრემოვკაში შეამჩნიეს. ბოლო დღეების განმავლობაში იგი ნახეს სოფლებში – სპასოვკაში, კატნატუში, აგრეთვე ნორაშენში და თავად ნინოწმინდის ქუჩებში. დიდი ზომის მტაცებელი ძირითადად ღამით დააფიქსირეს და გადაიღეს — იგი ან ქუჩებში სეირნობდა, ან ნაგვის ურნებთან ფუსფუსებდა. ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ცხოველი საკვებს ეძებს.
რამდენიმე დღის წინ სოფელ სპასოვკის მცხოვრებმა რადიო NOR-ს ფოტო მიაწოდა, რომელზეც, მისი თქმით, დათვის მიერ დაგლეჯილი პირუტყვია აღბეჭდილი. თუმცა, დაზუსტებული ინფორმაცია ამ ინციდენტის შესახებ არ არსებობს – შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს და არც თავად დათვი უნახავთ ადგილზე. მიუხედავად ამისა, მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ ცხოველი სწორედ დათვმა დაგლიჯა.
დაგლეჯილი პირუტყვი.
ჟურნალისტებთან ყოველდღიურად მოდის შეტყობინებები და ზარები — ადგილობრივი მცხოვრებლები შეშფოთებას გამოხატავენ იმით, რომ მტაცებელი თავისუფლად გადაადგილდება ქუჩებში. ხალხს ეშინია, რომ საბოლოოდ ვინმეს დაგლეჯს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია საღამოს საათებში: მცხოვრებლები ცდილობენ ზედმეტად არ გავიდნენ გარეთ.ასეთ შემთხვევებში ვის მიმართონ — მოსახლეობამ არ იცის. თუმცა დათვზე ნადირობა კანონით იკრძალება: ამისთვის გათვალისწინებულია სოლიდური ჯარიმები.
ასეთ სიტუაციებში რა უნდა გავაკეთოთ?
ჯავახეთის დაცული ტერიტორიების დირექტორი თამაზ კარაპეტიანი განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხი მათი კომპეტენციის ფარგლებს არ ეკუთვნის. გარემოს დაცვისა და ზედამხედველობის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ დათვის მოკვლა შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ წარდგენილი. მათი თქმით, საჭიროების შემთხვევაში პროცესში ჩაერთვება სპეციალური მონადირეთა ჯგუფი.
მერიაში დაადასტურეს, რომ შესაბამისი წერილი უკვე მზადდება და უახლოეს დღეებში გადაეგზავნება გარემოს დაცვისა და ზედამხედველობის დეპარტამენტს — პრობლემის დროულად მოგვარების მიზნით, რომელიც დაკავშირებულია დათვის გადაადგილებასთან და წარმოადგენს საფრთხეს ადგილობრივებისთვის.