ნინოწმინდაში ცენტრალური ხიდის მიმდებარედ ახალი სკვერი მოეწყობა

ნინოწმინდაში ცენტრალური ხიდის მიმდებარედ ახალი სკვერი მოეწყობა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ცენტრალურ ხიდთან ახლოს, მიმდინარეობს ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები.

დაუმუშავებელი ტერიტორიის ადგილზე  კეთილმოწყობილი სკვერი მოეწყობა. პროექტი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხოლო მისი სავარაუდო ღირებულება დღგ-ს ჩათვლით 276 000 ლარს შეადგენს.

მშენებლობის საინფორმაციო ბანერზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სამუშაოები ოფიციალურად დაიწყო 2025 წლის 27 მაისს და უნდა დასრულდეს 2025 წლის 27 აგვისტოს. სკვერის მოწყობას ახორციელებს შპს „ალმე“, რომელმაც ტენდერში  273 998 ლარით გაიმარჯვა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტროტუარის ფილებისა და  ბორდიურების დაგება, სკამების, ნაგვის ურნების, განათების ბოძების და ორსაფეხურიანი „სოკოს“ ფორმის სასმელი შადრევნის მონტაჟი.

ასევე დაგეგმილია საბავშვო სათამაშო მოედნის მოწყობა, სადაც განთავსდება ორი საბალანსე საქანელა, ერთი კლასიკური საქანელა და მრავალფუნქციური სათამაშო ატრაქციონი. ტერიტორია გამწვანდება სხვადასხვა სახეობის ხეებით, მათ შორის — კავკასიური ნაძვითა და ვერცხლისფერი ნაძვით, რაც სივრცეს უფრო ეკოლოგიურსა და ვიზუალურად მიმზიდველს გახდის.