14 ივლისს საქართველოს საჯარო სკოლებში მიმდინარეობს სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს — სამეურვეო საბჭოს — არჩევნები. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სულ 45 საჯარო სკოლაა. საარჩევნო უბნები ზუსტად 09:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემის პროცესი 10:00 საათზე დაიწყო და 16:00 საათამდე გაგრძელდება.სამეურვეო საბჭო სკოლის მართვის ერთ-ერთი მთავარი რგოლია. მისი წევრები მშობლებისა და პედაგოგების მხრიდან ირჩევიან.სამეურვეო საბჭო ირჩევს დირექტორს,ამტკიცებს ბიუჯეტსა და შიდა წესდებას, ასევე აწესებს სასწავლო გეგმას.
სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში თანაბარი რაოდენობით შედიან მშობლები და მასწავლებლები. გარდა ამისა, საბჭოს წევრია საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის ერთი წარმომადგენელი და ერთი წევრი, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნიშნავს.
სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადა 3 წელი გრძელდება. ეს არის სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანო, რომელიც შედგება არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წევრისგან — თანაბარი პროპორციით არჩეული მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენლებისგან, ასევე მოსწავლეთა თვითმმართველობის ერთი წარმომადგენლისგან. ხმის მიცემის პროცედურა 16:00 საათზე დასრულდება, რის შემდეგაც დაიწყება ხმის დათვლის პროცესი.