ნინოწმინდაში ვირუსული დაავადებების მატება — რა რეკომენდაციას იძლევა პედიატრი?

ნინოწმინდაში ვირუსული დაავადებების მატება — რა რეკომენდაციას იძლევა პედიატრი?

ბოლო პერიოდში ნინოწმინდაში ვირუსული ინფექციების ზრდა შეინიშნება, განსაკუთრებით ბავშვებში. როგორც ნინოწმინდის კლინიკის პედიატრი ლამარა დემეტრაძე აცხადებს, გასული კვირის განმავლობაში მიმართვიანობა ოდნავ შემცირდა. ექიმი ამას სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო წლის დასრულებას უკავშირებს.

„უკვე ერთი კვირაა, რაც მიმართვიანობა ოდნავ შემცირდა. ვფიქრობ, ეს იმით არის განპირობებული, რომ ბავშვები აღარ კონტაქტობენ ერთმანეთთან ისე ხშირად, როგორც სასწავლო პროცესის დროს“, — განმარტავს ექიმი.

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს კოქსაკის ვირუსის გააქტიურება, რომელიც გამონაყარით ვლინდება.

„ბავშვებს გამონაყარი ძირითადად ხელისგულებზე და ფეხისგულებზე უჩნდებათ, თუმცა შესაძლოა გამოჩნდეს პირის ღრუშიც. ამდენი კოქსაკის ვირუსის შემთხვევა  აქამდე არ გვქონია“, — ამბობს დემეტრაძე.

დღევანდელი მონაცემებით, სტაციონარში ორი ბავშვი იმყოფება: ერთი — ბრონქიტით, ხოლო მეორე — ზედა სასუნთქი გზების ინფექციით.

ლამარა დემეტრაძე მშობლებს მოუწოდებს, უზრუნველყონ ბავშვებისთვის სითხის საკმარისი მიღება.

„განსაკუთრებით დიარეის დროს მნიშვნელოვანია ოთახის ტემპერატურის წყლის დალევა, რათა ორგანიზმი არ გაუწყლდეს — ეს მნიშვნელოვანია როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვის“.

ექიმი უარყოფს გავრცელებულ მოსაზრებას ნაყინის მავნებლობის შესახებ:

„ბავშვებისთვის ნაყინის აკრძალვა არასწორია. ნაყინი ყელს არ ავნებს და ზოგჯერ შეიძლება სასარგებლოც კი იყოს“, — აღნიშნავს ის.

მედიკოსები მშობლებს მოუწოდებენ, ვირუსული ინფექციის სიმპტომების გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ მიმართონ სპეციალისტებს და თვითმკურნალობას აარიდონ თავი.

Radio NOR · Рост вирусных заболеваний в Ниноцминде – рекомендации педиатра родителям