ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჟდდანოვის შესასვლელში, გზის მონაკვეთი, რომელიც სასომხეთის საბაჟოსკენ მიმავალ მთავარ სატრანსპორტო მარშრუტზე მდებარეობს, მძიმე მდგომარეობაშია. ამინდის გაუარესებისას აქ ავტომობილით გადაადგილება თითქმის შეუძლებელი ხდება.აღნიშნულ პრობლემაზე არაერთხელ გავრცელდა ვიდეო და ფოტომასალა, თუმცა რეალური ცვლილება დღემდე არ მომხდარა. საგზაო დეპარტამენტში ჩვენ დავაზუსტეთ, იყო თუ არა რაიმე სარეაბილიტაციო სამუშაო დაგეგმილი, თუმცა უწყებაში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე მსგავსი სამუშაოები ახლო მომავალში არ არის განსაზღვრული.
ნინოწმინდაში ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ ეტაპზე დაგეგმილი არარის.
რამდენიმე დღის წინ გზის სარემონტო სამუშაოებისთვის ადგილზე ხრეში მიიტანეს და სოფლის შესასვლელში დაყარეს ნახევარი გაასწორეს და ნახევარი ასევე დატოვეს, სამუშაოები დღემდე არ განახლებულა. ხრეშის მიმდებარედ არ არის არც ერთი გამაფრთხილებელი ნიშნულები საგზაო სამუშაოების შესახებ.
რადიო ნორის წყაროს ინფორმაციით აღნიშნული მონაკვეთი ღამით ან ცუდი ხილვადობისას განსაკუთრებით საშიშია სოფელში კი მტვერის გამო სუნთქვა შეუძლებელია. წყაროს ინფორმაციით გუშინ — სასომხეთის მიმართულებით მოძრავმა ავტომობილმა ვერ შეამჩნია გზაზე დაყრილი ხრეშის გროვა და მას შეეჯახა, რის შედეგადაც მანქანა დაზიანდა.
ფოტო მოგვაწოდა წყარომ.
ჩვენ შევეცადეთ დავკავშირებოდით შპს„ჯავახავტოგზას“, რომელიც ამ მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს ნინოწმინდის მერიის დაკვეთით, რათა გაგვეგო, როდის გაგრძელდება სამუშაოები და რატომ არ არის დამონტაჟებული გამაფრთხილებელი ნიშნები, თუმცა კომპანიასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.