ექვსწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის აღდგენას გეგმავს. „კუკუშკა” — ასე ეძახიან ამ ლეგენდარულ მატარებელს, რომელიც 2020 წლიდან აღარ ფუნქციონირებს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, სარკინიგზო მოძრაობა 2027 წლის იანვრიდან განახლდება.
„მიღებულია გადაწყვეტილება „კუკუშკას” რეაბილიტაციის შესახებ. სრულად აღდგება როგორც თავად შემადგენლობა, ასევე სარკინიგზო ინფრასტრუქტურა. განახლდება ხუთი სადგური. 2027 წლის იანვრიდან მატარებელი ისევ მოგვემსახურება”, — განაცხადა კობახიძემ.
რატომ არის “კუკუშკა” მნიშვნელოვანი
38 კილომეტრიანი ვიწროლიანდაგიანი მარშრუტი ბორჯომს ბაკურიანთან აკავშირებს. თანაც ისე, რომ მძიმე მთის სერპანტინის გვერდის ავლა შეიძლება. ტურისტებისთვის ეს ყოველთვის იყო არა მხოლოდ გადაადგილების საშუალება, არამედ მოგზაურობა: ფანჯრიდან გაშლილი მთის პანორამა, ტყეები და ხიდები.
განსაკუთრებული ღირსშესანიშნაობაა ვიადუკი წაღვერისა და ცემის სადგურებს შორის. ის 1902 წელს ააგეს ეიფელის არქიტექტურული ბიუროს პროექტით.
რკინიგზა 1901 წელს გაიხსნა და რუსეთის იმპერიაში პირველი სატურისტო ვიწროლიანდაგი გახდა.
სხვა სარკინიგზო სიახლეები
მმართველი პარტია “ქართული ოცნების” პრემიერმა კობახიძემ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი გეგმა გაახმოვანა:
- თბილისი-ბათუმის რეაბილიტაცია 2026 წლის აგვისტოში დასრულდება. მგზავრობის დრო “5,5 საათიდან 4 საათამდე შემცირდება”, დაანონსა ხელისუფლებამ.
- თბილისი-ახალციხე — 17 წლის შემდეგ განახლდება სარკინიგზო მიმოსვლა – მგზავრობა 6 საათიდან 3 საათამდე შემცირდება.
- „საქართველოს რკინიგზის” 2026–2028 წლების გეგმაშია 50 ახალი ლოკომოტივის შეძენა. ამგვარად წლიური სამგზავრო ნაკადი 2 მილიონიდან 5 მილიონამდე გაიზრდება.
წყარო: spress.ge, მოამზადა ნუცა გურულმა

