ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურს ჰქონდა გამოცხადებული ტენდერი ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ტერიტორიაზე მინი სტადიონის განთავსების შესახებ.
ამისათვის გამოყოფილი იყო თანხა 120 000 ლარის ოდენობით. კომპანია “ოვალმა” ტენდერი მოიგო 106 800 ლარის შეთავაზებით. უკვე რამდენიმე დღეა, რაც დაწყებულია სამშენებლო სამუშაოები.
სამუშაოების დასასრულებლად გამოყოფილია 12 კვირა. ხელშეკრულება დადებულია 2021 წლის 30 სექტემბრიდან, თუმცა არახელსაყრელი ამინდის პირობების გამო სამუშაოები გადაიდო.
აღსანიშნავია, რომ რადიო NOR-ის ჟურნალისტები დაუკავშირდნენ საქართველოს საპატრიარქოს ადვოკატს, ედიშერ ქარჩავას, რომელმაც განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ნინოწმინდის ბავშვთა სახლში დღის ცენტრი გაიხსნება, რომლითაც არა მარტო ობლები, არამედ ადგილობრივი ბავშვებიც ისარგებლებენ.
Մինի մարզադաշտ Նինոծմինդայի մանկատան համար by Radio NOR on Scribd
მოკლედ კომპანიის შესახებ
შპს “ოვალი” დაარსებულია 2014 წლის ზაფხულში (საიდენტიფიკაციო კოდი: 405051170). კომპანიამ მიიღო მონაწილეობა 79 ტენდერში, საიდანაც 18-ში მოიგო, 2 ტენდერში კი ახლა მონაწილეობს. სტატისტიკის მიხედვით შპს “ოვალი” ყველაზე ხშირად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობდა, მეორე ადგილს იკავებს შემოსავლების სამსახური, მესამეს კი თბილისის #8 საჯარო სკოლა. კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი დიმიტრი არჩვაძეა, იურიდიული მისამართი კი ქ. თბილისი, გ. მიროტაძის #2.