ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 31 სოფელია. მათგან უმეტესობსა არ აქვს საკუთარი საბავშვო ბაღი.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის მიხედვით სამ სოფელში გათვალისწინებულია საბავშვო ბაღების მშენებლობა. მშენებლობისთვის გათვალისწინებული ჯამური თანხა შეადგენს 475 000 ლარს. წელს გათვალისწინებულია პროექტის საბოლოოდ დასრულება და ბაღების ექსპლუატაციაში გაცემა.
სოფელ პატარა ხანჩალისა და როდიონოვკაში ბაღისთვის ახალი შენობა შენდება. 2021 წელს მშენებლობისთვის მერიის ბიუჯეტიდან 79 500 ლარი გამოიყო, რომლითაც აშენდა შენობის კედლები. წელს ბიუჯეტიდან 220 000 ლარია გამოყოფილი. ტენდერი 208 420 ლარის ოდენობით შპს “კ-კომპანიამ” მოიგო. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები 16 კვირაში უნდა დასრულდეს. შენობას ექნება 2 სათამაშო ოთახი, 2 საძინებელი, 1 სადარბაზო, 2 სველი წერტილი, 2 გასახდელი ოთახი, 2 ოთახი აღმზრდელებისათვის, 1 სამზარეულო და 1 საწყობი.
2021 წელს სოფელ როდიონოვკაში საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის 131 500 ლარი გამოიყო. ამ თანხით შენობის საძირკველი ჩაიყარა და კედლები აშენდა. წელს კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 000 ლარია გამოყოფილი. ტენდერი 142 000 ლარის ოდენობით კვლავ შპს “კ-კომპანიამ” მოიგო. შენობას ექნება სათამაშო ოთახი, საძინებელი, გასახდელი, საწყობი, აბაზანა, სამზარეულო და ოთახი აღმზრდელებისთვის. პროექტის დასრულება 14 კვირაში იგეგმება.
ასევე წელს სოფელ ყულალისში საბავშვო ბაღი იმუშავებს. საბავშვო ბაღისთვის იგეგმება სოფლის სკოლის პირველი სართულის აღჭურვა. მერიიდან გამოყოფილი თანხა 120 000 ლარია. ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობს, რომელთაგან ორი, „ოვალი“ და შპს „დიანა“ დისკვალიფიცირებულია, დარჩა შპს „მეგობრობა 5“, რომელსაც 108 000 ლარის ოდენობის თანხას სთავაზობს. თუმცა კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა. პროექტი ითვალისწინებს საძინებლის, სათამაშო ოთახის, სასადილო ოთახის, გასახდელის, დარბაზის, დირექტორის ოთახის, ექიმის ოთახის და საწყობის მოშენებას. პროექტი, სავარაუდოდ, 14 კვირაში დასრულდება.
სოფელ ჟდანოვაკანში საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფლის პროგრამით 2020 წელს, 12 000 ლარის ოდენობით დაიწყო. 2021 წელს სოფელ ჟდანოვაკანში საბავშვო ბაღის რემონტისთვის 80 000 ლარი იყო გამოყოფილი. საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით შემდეგი სამუშაოები ჩატარდა. სოფელ ჟდანოვაკანში გარემონტდა სახურავი, აბაზანა, გამოიცვალა საბავშვო ბაღის შენობის ფანჯრები და ტიხრები. წელს კი დანარჩენ საქმეს აკეთებენ.
გასულ წელს სოფელ ჯიგრაშენში ბაღი აშენდა. სოფელ ჯიგრაშენში საბავშვო ბაღის მუშაობა 2019 წელს დაიწყო. ყველა სამუშაო 2021 წელს დასრულდა, თუმცა უცნობია იფუნქციონირებს თუ არა საბავშვო ბაღი წელს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ამჟამად 12 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, აქედან ორი ქალაქ ნინოწმინდაში მდებარეობს და მხოლოდ ქალაქის ბაღებში არის საკვები. აღსანიშნავია, რომ საბავშვო ბაღების მშენებლობასთან ერთად სამუშაო ადგილებიც გაიზრდება.
სოფლის საბავშვო ბაღები 10:00-დან 14:00 საათამდე მუშაობენ, ხოლო ქალაქის ბაღები 09:00-დან 17:00 საათამდე. არსებულ საბავშვო ბაღებს შორის მხოლოდ ქალაქ ნინოწმინდის საბავშვო ბაღებშია სამჯერადი კვება.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 1-დან 6 წლამდე 1775-მდე ბავშვია. აქედან 881-მდე ბავშვი დადის საბავშვო ბაღში.
სოფლების უმეტესობაში საბავშვო ბაღი არ არის და ბავშვები უკვე თორმეტ არსებულ ბაღებში არიან დაყოფილი. ბევრი იძულებულია შვილები ახლომდებარე სოფლების საბავშვო ბაღში წაიყვანოს. ბავშვების მეზობელ სოფელში წასაყვანად კი ტრანსპორტია საჭირო.
წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 4 საბავშვო ბაღი აშენდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია იმუშავებს თუ არა.
მოკლედ იმ კომპანიების შესახებ, რომლებიც ახორციელებენ ბაღების მშენებლობას
შპს “კ-კომპანია” დაარსდა 2011 წელს. რეგისტრაციის მისამართი: ქ. ახალციხე, დირექტორი კობა ნადირაძე. კომპანიამ მონაწილეობა მიიღო 121 ტენდერში. აქედან 36-ში მოიგო, 78 წააგო, ახლა კი სამ ტენდერში იღებს მონაწილეობას. ძირითადად, ტენდერებში მონაწილეობისას მას შპს „მეგობრობა 5″ უწევდა კონკურენციას.
“მეგობრობა-5″ 2018 წელს დარეგისტრირდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი დილისკაში. კომპანიამ მონაწილეობა მიიღო 70 ტენდერში, საიდანაც 24 მოიგო, 37 წააგო და ამჟამად ორ ტენდერში მონაწილეობს. მოგებული ტენდერები ძირითადად ახალქალაქიდან იყო, 4 ნინოწმინდიდან. ძირითადად კონკურენციას უწევდა შპს ოვალს.