ყოველწლიურად იზრდება იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც ტოვებენ ან სურთ დატოვონ მშობლიური ქალაქი/ქვეყანა სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური თუ პირადი მიზეზების გამო. ეს ხდება მთელ ქვეყანაში და არც ნინოწმინდა არის გამონაკლისი მუნიციპალიტეტებს შორის.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ახალგაზრდა ემიგრანტების (15-29 წლის) მაჩვენებელი 2018-2019 წლებთან შედარებით შემცირდა პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო. თუმცა 2021 წელს ამ მაჩვენებლის მკვეთრი მატება ფიქსირდება (29 270 ადამიანი) 2020 წელთან შედარებით, როდესაც ემიგრაციის მაჩვენებელი 23 298 ადამიანი იყო.
რაც შეეხება შიდასახელმწიფოებრივ მიგრაციას, ბევრი ახალგაზრდა იცვლის ან სურს შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი და გადავიდეს სოფლიდან ქალაქში, ან პატარა ქალაქიდან დიდ ქალაქში. ნინოწმინდაში მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ენის არმცოდნე სტუდენტებისთვის პროგრამა „1+4“ გახდა ხელმისაწვდომი, თბილისში გადასვლის მსურველთა რიცხვი გაიზარდა. ამის გამო ბევრი გადადის თბილისში განათლების მისაღებად, მაგრამ ამის შემდეგ აღარ სურთ დაბრუნება. რას ფიქრობენ ამაზე თავად სტუდენტები?
მიგრაციის მთავარ მიზეზად ახალგაზრდები სახელმწიფო ენის არ ცოდნას და დასაქმების პრობლემას ასახელებენ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, უმეტეს შემთხვევაში, ვერ პოულობენ სამუშაოს, რომელიც შეესაბამება მათ კვალიფიკაციას, რის გამოც გადადიან ქვეყნის სხვა ქალაქებში ან საზღვარგარეთ, ძირითადად რუსეთში ან სხვა ქვეყნებში სამუშაოდ.
რატომ არ მონაწილეობენ ნინოწმინდელი ახალგაზრდები ბიუჯეტირების პროცესში
გარდა დასაქმების საკითხისა, სტუდენტები ადგილზე განვითარების შესაძლებლობების სიმცირეზეც საუბრობენ. ვლად ტერტერიანი 4 წელია სწავლობს თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში. პანდემიის გამო ნინოწმინდაში დაბრუნდა, თუმცა დედაქალაქში გადასვლას მაინც გეგმავს. ის ნინოწმინდაში განვითარების პერსპექტივას ვერ ხედავს და ფიქრობს, რომ დიდ ქალაქში მეტი შესაძლებლობების გამონახვას შეძლებს.
ვლადის მსგავსად კიდევ ბევრ ახალგაზრდას უნდა ნინოწმინდიდან წასვლა, თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც უნდა დარჩენა და თავისი საქმიანობის ნინოწმინდაში დაწყება და განვითარება. „ჩვენი ქალაქი უნდა განვავითაროთ, თუმცა ჯერ არ ვიცი როგორ. ამიტომ, უნდა გადავიდე თბილისში, გავარკვიო, რისი გაკეთება მინდა და ამის შემდეგ მოვიფიქრო, როგორ განვავითარო ჩვენი ქალაქი“, – ამბობს პირველი კურსის სტუდენტი ლიანა ხმალაძე.
უფრო დეტალურად ჩვენს აუდიო მასალაში.
თავის მხრივ, ნინოწმინდაში არსებული სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები აწყობენ ღონისძიებებს, პროექტებს ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისთვის, ან საკუთარი ბიზნესის დასაწყებად და განსავითარებლად და ა.შ. თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ახალგაზრდების ნაწილი დიდ ქალაქებში ხედავს შესაძლებლობებს.
იხილეთ ასევე: