ორგანიზაცია “ქალები ჯავახეთის მომავლისთვის” ნინოწმინდასა და ახალქალაქში ახორციელებს 6 თვიან პროექტს, რომლის მიზანიც არის დასაქმების პრობლემის ადვოკატირება და დასაქმების ცენტრის გახსნის შეთავაზება მუნიციპალიტეტებში.
“კვლევის შედეგად ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ დასაქმების პრობლემა აქტუალურია ჩვენს რეგიონში, გვაქვს სამუშაო ადგილების სიმცირე და მიგრაციის დონის ზრდა.” – ამბობს ლიოლია რაისიანი, ორგანიზაციის წარმომადგენელი.
ორგანიზაციას სურს, რომ მიმართოს დასაქმების ეროვნულ სააგენტოს ინიციატივით, რომ ნინოწმინდასა ან/და ახალქალაქში გაიხსნას დასაქმების ცენტრი, სადაც ადგლობრივებს შეეძლებათ ნახონ ვაკანსიები, პროექტები და ა.შ., ცენტრის თანამშრომლები კი მათ დაეხმარებიან CV-ს შედგენაში, საპროექტო განაცხადების შევსებაში, სამოტივაციო წერილების დაწერასა და გაგზავნაში.
რატომაა საჭირო ამგვარი ცენტრი ჯავახეთში?
ჯავახეთში მოსახლეობის 93% ეთნიკურად სომეხია და მწვავედ დგას სახელმწიფო ენის არცოდნის საკითხი.
“ბევრი პროექტი და ვაკანსია შეიძლება შეგვხვდეს ინტერნეტ სივრცეში, მაგრამ იმის გამო, რომ ადგილობრივების დიდ ნაწილს არ ესმის ქართული ენა, მათ უჭირთ დოკუმენტების შევსება ან მოთხოვნებისა და სამუშაო პირობების გაგება. სწორედ ამიტომ გვინდა, რომ გაიხსნას დასაქმების ცენტრი, სადაც ხალხს დაეხმარებიან ამ ყველაფრის მომზადებასა და გაგებაში.” – ამბობს ლიოლია რაისიანი.
ამ ეტაპზე ორგანიზაცია აგროვებს ხელმოწერებს პეტიციის წარსადგენად და საინფორმაციო შეხვედრებს მართავს სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან (არასამთავრობო, ბიზნეს სექტორი, მედია და ა.შ.). “უკვე მოვიარეთ ახალქალაქის სამი სოფელი: ტურცხი, ვაჩიანი და კარტიკამი, ასევე ვგეგმავთ შეხვედრას ნინოწმინდის ს. დიდ გონდრიოსა და ეშტიაში.”
დეტალები ჩვენს აუდიო მასალაში.