ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მიერ ქალაქში შექმნილია ა(ა)იპ სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულება, სადაც ამ დროისთვის მოქმედებს 7 წრე: ხელწერის, ქარგვის, კერვის, პოეზიის, ქსოვის ხელობის (ორიგამი, კანზაში, მძივებით ქსოვა) და მოზარდი მკითხველების წრე.
2019 წლამდე ამ დაწესებულებაში უფრო მეტი წრე მოქმედებდა, მათ შორის თეატრალური, კომპიუტერული და კულინარიული. სახელმწიფო აუდიტმა დაწესებულების 2018-2019 წლების საქმიანობა შეისწავლა, რის შემდეგაც ორი წრე, კომპიუტერული და კულინარიული, დაიხურა. აუდიტის ანგარიშის თანახმად, წრეების დახურვის მიზეზი იყო ის, რომ ა(ა)იპს არ გააჩნდა კომპიუტერული და სამზარეულოს ინვენტარი, რაც აუცილებელი იყო ამ სფეროების შესასწავლად. პასუხისმგებელი პირის განმარტებით კი, ინვენტარი დაწესებულების აღსაზრდელებს მიჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში დაწესებულებამ მუნიციპალური ბიუჯეტიდან 112 000 ლარის ოდენობის თანხა მიიღო.
“ამ წრეების პასუხისმგებელმა პირებმა ვერ დაასაბუთეს რამდენად ეფექტიანია სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულების მიერ ამ მიმართულებით შესრულებული სამუშაო, დახარჯულ ფინანსურ რესურსთან მიმართებით.” – აღნიშნულია დოკუმენტში.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის ა… by Radio NOR on Scribd
მერიის კულტურის, განათლებისა და სპორტის განყოფილების უფროსის, ლევონ ვართანიანის თქმით, აღნიშნული პერიოდის შემდეგ ნინოწმინდის მერიაში აუდიტის სამსახური შეიქმნა, რომელიც წელიწადში ერთხელ მერიის მიერ დაფინანსებულ დაწესებულებებს აკვირდება და დასკვნები და რეკომენდაციები გამოაქვს. ამჟამად დაწესებულებაში მხოლოდ ზემოთაღნიშნული 7 წრე ფუნქციონირებს. მუნიციპალური სუბსიდიის ოდენობა კი 2022 წლისთვის 57 700 ლარს შეადგენს, რაც დაახლოებით ორჯერ ნაკლებია ვიდრე 2018-2019 წლებში. დაწესებულების დირექტორის, ასტხიკ დარბინიანის სიტყვებით, თანხის ძირითადი ნაწილი, 44 352 ლარი თანამშრომლების ანაზღაურებას შეადგენს, დანარჩენი კი კომუნალურებსა და საოფისე ხარჯებისთვის გამოიყენება.
როგორც ასტხიკ დარბინიანმა გვაცნობა, ზაფხულში ერთი თვე არდადეგები ცხადდება, თუმცა ყოველ წრეში მინიმუმ 10 მოსწავლე ჰყავთ. “ჩვენ სკოლისგარეშე დაწესებულება ვართ, ამიტომ მოსწავლეთა დასწრება მკაცრად არ კონტროლდება, მაგრამ მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობა ყოველთვის გვყავს ხოლმე.”-ამბობს ის.
“დაწესებულებაში სწავლისა და სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარების გარდა ასევე ღონისძიებებსაც ვატარებთ. ესენი ძირითადად პოეზიის საღამოები და გამოფენებია.” დირექტორმა ასევე აღნიშნა ისიც, რომ ადრე გათბობის პრობლემა არსებობდა, მაგრამ ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო გათბობის შემოყვანაც და ამჟამად ეს პრობლემა მოგვარებულია.
“ახლა მხოლოდ ფართის პრობლემა გვაწუხებს. გვაქვს მხოლოდ ერთი კაბინეტი და ერთი ოთახი. კარგი იქნებოდა თუ დიდი ფართი გვექნებოდა ღონისძიებების ჩასატარებლად.”- ამბობს ასტხიკ დარბინიანი.
დეტალები ჩვენს აუდიო-მასალაში.