ქალაქ ნინოწმინდაში დილიდან მიმდინარეობს სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების სამონტაჟო სამუშაოები. მათ აყენებენ ქალაქის მთავარ გზაზე, თავისუფლების ქუჩაზე.
სამუშაოებს ახორციელებს კომპანია “ჯავახავტოგზა”. კომპანიის წარმომადგენლის, გია ინასარიძის ინფორმაციით, ბარიერების დაყენების ადგილს მუნიციპალიტეტის მერია განსაზღვრავს. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურისგან მიღებული ინფორმაციით კი გაირკვა, რომ ბარიერებს დააყენებენ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ახლოს, კერძოდ კი სკოლებსა და ბაღებთან.
გზის ამ მონაკვეთზე აქტიურად მოძრაობენ ტრაილერები. მოსახლეობა ხშირად ჩიოდა, რომ ტრანსპორტი დიდი სიჩქარით მოძრაობს, რაც ქვეითებისთვის, განსაკუთრებით აქ გადამსვლელი ბავშვებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენენ.
ამჟამად ბარიერები დაყენებულია ნინოწმინდის საბავშვო ბაღისა და #3 საჯარო სკოლის მიმდებარე გზებზე. რაც შეეხება #1 სკოლას, ამ სკოლასთან უკვე რამდენიმე წელია, რაც არსებობს ბარიერი.