20 სექტემბერს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებულ სამოქალაქო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა თავმჯდომარე და მდივანი აირჩიეს. საბჭო სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისგან შედგება. ჩართული უნდა იყოს მინიმუმ 10 ადამიანი.
საბჭო იმუშავებს აქტუალურ და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, გადასცემს არსებულ ინფორმაციას მერიას, სადაც ბიუჯეტის შედგენისას აღნიშნულ საკითხებსაც განიხილავენ․
“ეს დემოკრატიული მიდგომაა. ჩვენ ყოველთვის მხოლოდ ადგილობრივ თვითმმართველობის იმედი გვაქვს და ყველაფერს მხოლოდ მათგან ველით. ჩვენ გვინდა, რომ სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად იყოს ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ეს ხომ ჩვენივე მუნიციპალიტეტია.” – ამბობს პროექტის მენეჯერი, მახარე მაცუკატოვი.
საბჭოს შეუძლია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების წინ წამოწევა და მათი გადაჭრის გზების შესახებ რეკომენდაციების მიცემა. გარდა ამისა 2023 წლის ბიუჯეტის შედგენაში შეუძლია მონაწილეობის მიღება.
საბჭო შექმნილია „ახალქალაქისა და ნინოწმინდის თვითმმართველობების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესება“ პროექტის ფარგლებში და ხორციელდება ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრის “სამოქალაქო განათლების ინიციატივა” პროექტის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ფინანსდება. ინიციატივის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების, როგორც დამოუკიდებელი, მდგრად, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ფაქტორის გაძლიერება საქართველოს მასშტაბით.
იხილეთ ასევე: