6 ოქტომბერს ჯავახეთში ახლად გარემონტებული საბაჟო გამშვები პუნქტი “ნინოწმინდას” გახსნა შედგა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სომხეთის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილე არმან პოღოსიანი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი პირები, პარტნიორი უწყებების, დიპლომატიური კორპუსისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ნინოწმინდის სათემო რადიოს NOR-ის ჟურნალისტები გახსნის ცერემონიაზე არ დაუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ გახსნის ცერემონიის ოფიციალურ ნაწილზე შეშვებას დაპირდნენ. მიზეზად დასახელდა ის, რომ “ბევრი საქმე ჰქონდათ და დაავიწყდათ”. თუმცა ჟურნალისტებმა გარედან გადაიღეს ფოტოები.
როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ადრე აცხადებდა, თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურისა და საბაჟო პროცედურების ეფექტური მართვის განვითარება – ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 9 სექტემბერს სომხეთის საზღვარზე ნინოწმინდის საბაჟო გამშვები პუნქტი მართვის ახალ საინფორმაციო სისტემაზე გადავიდა.
საქართველო-სომხეთის საზღვრის სიგრძე 224 კილომეტრია. ნინოწმინდის გარდა საზღვარზე კიდევ ორი საბაჟო პუნქტია – სადახლო და გუგუთი.