ქალაქ ნინოწმინდის ცენტრში, თავისუფლების ქუჩა No7-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებლები მმართველობას სთხოვენ, ყურადღება მიაქციონ შენობის კეთილმოწყობას.
აქ მცხოვრები მოქალაქეების თქმით, შენობის საძირკველი ცუდ მდგომარეობაშია, შენობა მოუწესრიგებელი ჩანს. მოსახლეობა იმედოვნებს, რომ მათი მოთხოვნა იგნორირებული არ იქნება.
თელმან მარაბიანის, კორპუსის მკვიდრის თქმით, ამ კორპუსში 48 ოჯახი ცხოვრობს. შენობის საძირკველი თანდათან იშლება, საჭიროა მოსაპირკეთებელი სამუშაოების ჩატარება, სარდაფში მიმავალი კიბეებიც შეკეთებას საჭიროებს. რაც შეეხება შენობების შიდა ნაწილს, მათ ასევე სჭირდებათ კოსმეტიკური რემონტი. „გთხოვთ, უყურადღებოდ არ დატოვოთ ჩვენი მოთხოვნა“, – ამბობს ის.
როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტი უკვე ითვალისწინებს მთავარ ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსების შეკეთებას. სამუშაოები ჩატარდება შენობების ექსტერიერზე. ამ წუთებში გამოცხადებულია ტენდერი რემონტის პროექტის შედგენაზე. პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 18 000 ლარი გამოიყო.