ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ხულგუმოს მიმართულებით ტრანსპორტი არ მუშაობს. როგორც სოფლის ერთ-ერთი მკვირდი ამბობს, რომ ავტობუსი, რომელიც რამდენიმე თვის წინ ტამბოვკა-ნინოწმინდის მარშრუტით დადიოდა, ახლა აღარ მოდის ქალაქში.
სოფელ ახალ ხულგუმოს ნინოწმინდისგან 45 კილომეტრის მანძილი აშორებს. ახალი ხულგუმო დაარსებულია 1924 წელს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ხულგუმოდან გადმოსული მოსახლეობის მიერ. სოფელი თავდაპირველად ტამბოვკის უბანი იყო, ახლა კი ტამბოვკის თემში შედის.
ამჟამად სოფლის მოსახლეობისთვის ერთადერთი იაფი სატრანსპორტო საშუალება თბილისი-ნინოწმინდის მარშრუტით მიმავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტია. თუმცა სოფლიდან მთავარ გზამდე მისაღწევად, სადაც ავტომობილი გადის, ადამინმა 3 კმ ფეხით უნდა გაიაროს. “ქალაქში წასაყვანად ტაქსი ახლა 30-40 ლარს ითხოვს. მიღებული პენსიით კომუნალურები უნდა დავფარო თუ ტაქსის თანხა გადავიხადო?” – ამბობს სოფლის მკვიდრი.
ავტობუსი სოფელ ტამბოვკის მოსახლეობისთვის სომხურმა კათოლიკურმა ეკლესიამ გამოყო. როგორც ეკლესიის წარმომადგენელი ამბობს, ავტობუსის უმოქმედობის მიზეზი სატრანსპორტო საშუალების გაუმართავობაა. მისივე თქმით ავტობუსი გასული წლის ზამთარშიც არ მუშაობდა საბურავების შეცვლის საჭიროების გამო.
კითხვაზე, იმუშავებს თუ არა სოფლის მიმართულებით ტრანსპორტი წელს, წარმომდაგენელმა გვიპასუხა, რომ ჯერ-ჯერობით არა.