სოფელ განძანის სპორტული დარბაზის რემონტი დასრულებულია, თუმცა გაზიფიცირება ჯერ-ჯერობით არ არის.
როგორც მერიაში აღნიშნეს, სარემონტო სამუშაოები ჯერ კიდევ გასულ წელს დასრულდა. დარჩენილია მხოლოდ გაზიფიცირება, რაც კომპანია «SG Gas Company» -მ უნდა შეასრულოს.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ამ სპორტდარბაზის სარემონტო სამუშაოების დასასრულებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 160 000 ლარი იყო გამოყოფილი. მაშინ ტენდერი სამშენებლო კომპანია “მათემ” მოიგო. ამ პროექტით კომპანიამ გათბობის სისტემა გაიყვანა, გაარემონტა გასახდელები და სხვა ოთახები, დაამონტაჟა კარ-ფანჯარა და სხვ.
ცალკე გამოცხადდა 30 000 ლარის ტენდერი სპორტული ინვენტარის შესაძენად, სადაც სხვა კომპანიამ, შპს “სპორტ ჰაუსმა” მოიპოვა გამარჯვება. პროექტის მიხედვით შეძენილია 144 კვ. მეტრის ხალიჩა საჭიდაოდ, მატრასი – 72 ცალი, პინგ-პონგის მაგიდა – 2 ცალი და სხვა ინვენტარი.
განძანის სპორტული დარბაზის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო. 7 წლის განმავლობაში ამ დარბაზზე 380 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
აქ დღეში 60-70 ბავშვი ვარჯიშობს. სპორსმენები ახალ-ახალ წარმატებებს აღწევენ. ისინი მსოფლიო ჩემპიონატებზე გამოდიოდნენ და საქართველოს ნაკრებებშიც კი არიან.