სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები დასრულდა. 8 თებერვალს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ სათხეს სასოფლო თემის მოსახლეობას.
პირველი შეხვედრა სოფელ პატარა არაქალში გაიმართა. პროგრამით ამ სოფლისთვის გამოყოფილია 16 000 ლარი. სოფლის მოსახლეობამ ყველა პრობლემიდან ერთ-ერთი მთავარი, სატუმბო სადგურის შეკეთება გამოარჩია. როგორც სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი, არმენი ამბობს, სატუმბო სადგური ძალიან ძველი და ავარიულია. ის რემონტს საჭიროებს, თუმცა ეს სოფელში არსებულ წყლის პრობლემას ვერ გადაჭრის. როგორც მოსახლეობა აცხადებს, სასმელი წყლის ოდენობამ დაიკლო. საჭიროა ექსპერტის გამოძახება, რომელიც შეძლებს სხვა წყაროების მონახვას და არსებულთან დააკავშირებს, რათა მოსახლეობამ დღეში ერთი საათით მაინც მიიღოს წყალი. ამჟამად სოფლის მოსახლეობა წყალს ორ დღეში ერთხელ, 15-30 წუთით იღებს.
მეორე შეხვედრა სოფელ დიდი არაქალის მოსახლეობასთან იყო. აქ მოსახლეობამ სოფლის სპორტდარბაზის რემონტი აირჩია პრიორიტეტულად. თუმცა აღნიშნეს სხვა პრობლემებიც, როგორიცაა რიტუალების სახლის რემონტი, სპორტული დარბაზისთვის ინვენტარის არარსებობა, სოფლის კლუბის გარშემო ღობის არარსებობა. სოფელში ახალგაზრდებს არ აქვთ დროის გასატარებელი ადგილი, რისთვისაც სპორტული დარბაზის ინვენტარს ითხოვენ. უფროს თაობას კი რიტუალების სახლში გათბობის გაყვანა უნდა. მოსახლეობამ ასევე გადაწყვიტა ხელმოწერების შეგროვება და მერიაში განაცხადის შეტანა, რათა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყონ თანხა რიტუალების სახლის გასარემონტებლად.
მესამე სოფელი, სადაც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებ იმყოფებოდნენ იყო – სათხე. ხალხი დიდხანს ვერ წყვეტდა, თუ რაში დახარჯავდა გამოყოფილ თანხას. მათი აზრით, ეს თანხა არ არის საკმარისი სოფლის პრობლემების გადასაჭრელად. შეხვედრაზე მათ ისაუბრეს სოფლის შიდა გზების მდგომარეობაზე, სასმელი წყლის მილების შეცვლასა და პირუტყვის სასმელი წყლის პრობლემების შესახებ.
საბოლოოდ, ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, გადაწყვიტეს, 20 000 ლარი დახარჯონ მთებისკენ მიმავალი გზის გასწორებაზე, პირუტყვისთვის სასმელი ჭალის აშენებასა და თუ თანხა დარჩა, სასაფლაოს გარშემო ღობის მოშენებაზე.
ბოლოს შეხვდნენ სოფელ ოროჯალარის მოსახლეობას. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 16 000 ლარია გამოყოფილი.
ყველა სოფელში მოსახლეობა ხელმძღვანელობას სთხოვდა, გაეკონტროლებინა, რომ სამუშაოები ხარისხიანად შესრულებულიყო.
შეხვედრებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად SEREC-ის ორგანიზაციის კოორდინატორი აღასი ზალალიანიც ესწრებოდა. მიმდინარე მონიტორინგის მიხედვით, აღასი ზალალიანმა აღნიშნა, რომ წელს შარშანდელთან შედარებით მეტი ხალხი იყო. „ასევე კარგი იყო, რომ სოფლებში მერის წარმომადგენლებმა მოსახლეობა წინასწარ გააფრთხილეს, როდის და სად უნდა გამართულიყო შეხვედრა. ამ შეხვედრებში 650-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მოსახლეობამ წამოაყენა ბევრი პრობლემა, რომელიც ვერ მოგვარდება პროგრამის ფარგლებში. მოსახლეობა ამტკიცებდა, რომ გამოყოფილი თანხა საკმარისი არ არის. „ჩვენი მხრივ, მოსახლეობას ვუთხარით, რომ ჩვენი ორგანიზაცია მზად არის დაეხმაროს სხვადასხვა საკითხებში“, – ამბობს აღასი ზალალიანი.
პროგრამის ფარგლებში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი 2023 წელს 32 სოფლისთვის 444 000 ლარს მიიღებს. წელს პროგრამის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები ტენდერით განხორციელდება.