ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რძის ნაწარმის ფასი გაიზარდა, თუმცა მოსახლეობა არაა კმაყოფილი, რადგან მათი შრომა გაწეულ ხარჯებს ვერ ფარავს. სამცხე-ჯავახეთი სასოფლო-სამეურნეო მხარეა. აქ მოსახლეობის დიდი ნაწილი მეცხოველეობითა და მემცენარეობით არჩენს ოჯახს. თუმცა, როგორც აქ მცხოვრები ხალხი ამბობს სოფლის პროდუქტს “ფასი არ აქვს”.
1 ლიტრი რძე ამჟამად 1.80-2 ლარი ღირს, რაც წინა თვეებთან შედარებით 60 თეთრით ძვირია. მიუხედავად ამისა სოფლის მოსახლეობა უკმაყოფილოა, რადგან მიღებული შემოსავალი ისევ პირუტყვზე იხარჯება და არანაირი სარგებელი არ მოაქვს.
“თუ გაქვს საკმარისი საკვები, დიდი რაოდენობით პირუტყვი, რძის გარდა რაიმე სხვა პროდუქტს აწარმოებ, მაგალითად ყველს, კარაქს და სხვას, მაშინ გექნება სარგებელი.” – ამბობს სოფელ ორლოვკის ერთ-ერთი მკვიდრი.
სოფლის მოსახლეობას პირუტყვის გამოსაკვებად თივა არ ჰყოფნის. “მთელი ზაფხული ვაგროვებთ თივას, საძოვრებზე დაგვყავს პირუტყვი, მაგრამ საკვები მაინც არაა საკმარისი.” – ამბობს ქალბატონი. მოსახლეობას მარტი-მაისის პერიოდში თივისა და ნამჯის ყიდვა უწევს, რადგან ამ დრომდე პირუტყვი საძოვრებზე ვერ გადის. თივის ერთი შეკვრა ახლა 10 ლარი ღირს, თუმცა არის პერიოდი, როდესაც 20 ლარამდე ძვირდება.
მოსახლეობის ნაწილი პროდუქტებისა და სერვისების გაძვირებას საწვავის ფასის მკვეთრ გაზრდას უკავშირებს. როგორც ისინი ამბობენ, ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა საწვავი გაიაფდება თუ არა, პროდუქტების ფასები მაინც იგივე დარჩება.
ამასთან დაკავშირებით ჩვენ გავესაუბრეთ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების ორლოვკა, გორელოვკა და ეფრემოვკის მოსახლეობას.