ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი 11 700 000 ლარია. ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორ უნდა გადაინაწილოს ეს ბიუჯეტი, ექსპერტის აზრით, იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებმა მაქსიმალური სარგებელი მიიღონ. ამჯერად ჩვენ ვესაუბრეთ ლექტორს და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ადგილობრივი თვითმმართველობის ცენტრის ხელმძღვანელს, ნინო ლოლაძეს.
მისი თქმით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ეფექტურად გადანაწილებისას ბევრი ფაქტორი უნდა იყოს გათვალისწინებული. პირველ რიგში, აუცილებელია რესურსების დახარჯვის პრიორიტეტული სფეროების განსაზღვრა. ძირითადი სფეროები მოიცავს ინფრასტრუქტურას, სოციალურ პროგრამებსა და ეკონომიკურ განვითარებას, რომლებიც შემდგომ ქვეპუნქტებად იყოფა.
სახელმწიფო ბიუჯეტი, ასევე როგორც მუნიციპალური, საქართველოს კანონმდებლობის, საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით დგინდება. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-12 თავის 91-ე მუხლის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი თანდართულ მასალებთან ერთად მერმა საკრებულოს უნდა გადასცეს არაუგვიანეს 15 ნოემბრისა. რის შემდეგაც 5 დღის ვადაში საკრებულო ბიუჯეტის პროექტს საჯარო განხილვისთვის აქვეყნებს. შემდგომ საკრებულო საჯაროდ განიხილავს პროექტს და ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე იღებს გადაწყვეტილებას ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ.
საჯარო განხილვის დროს შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, საკრებულო 25 ნოემბრამდე, ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებით მუნიციპალიტეტის მერს უბრუნებს. ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტს არაუგვიანეს 10 დეკემბრისა მუნიციპალიტეტის მერი წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს. პროექტში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მერთან შეთანხმებით. წლიური ბიუჯეტი უნდა გამოქვეყნდეს და ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოებისთვის.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ბიუჯეტის შედგენისას, პირველ რიგში ითვალისწინებენ არსებულ პრიორიტეტების. როგორ დგინდება პრიორიტეტები? ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები პრიორიტეტების განსასაზღვრად უნდა შეხვდნენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობას. მაგალითად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მერი, მისი მოადგილეები, სოფლების წარმომადგენლები, ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები და სხვანი, ხვდებოდა სოფლის მოსახლეობას, რათა დაედგინათ რომელ სოფელში რა სამუშაოები ჩატარდებოდა.
იმის შესახებ, თუ როგორ ირჩევა პრიორიტეტები, რა უნდა გაითვალისწინოს მერიამ ბიუჯეტის პროექტის შედგენისას და რა უნდა იცოდეს მოსახლეობამ ადგილობრივ თვითმმართველობაში საპროექტო განაცხადის შეტანისას, დეტალურად შეგიძლიათ მოუსმინოთ ნინო ლოლაძესთან ინტერვიუში.