ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების მოსახლეობა ადგილზე ჰემოდიალიზის ცენტრის არარსებობის გამო ახალციხეში დადიან. ეს მათ ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება.
28 წლის რენადა ზოროღლიანი უკვე სამი წელი და 7 თვეა, რაც ახალციხეში დიალიზს გადის. ის სოფელ გორელოვკაში ცხოვრობს და გრძელ გზას ცუდად იტანს. ახალციხემდე მისვლა მინიმუმ საათ ნახევარს საჭიროებს. რენადა იძულებულია საავადმყოფოსთან ახლოს ბინა იქირაოს. ქირისთვის 550 ლარს იხდის. ამ ბინაში მშობლებთან ერთად ცხოვრობს.
როგორც მან გვიამბო, მშობლები იძულებულნი გახდნენ სოფელში საკუთრება გაეყიდათ, რათა დონორი ენახათ რენადასთვის, თუმცა ვერ იპოვეს. თანხა კი გზაზე დაეხარჯათ. უკვე ერთი წელია, რაც ისინი ახალციხეში ცხოვრობენ. რენადა დიალიზს კვირაში სამ ჯერ გადის.
დიალიზი უფასოა, თუმცა წამლებია ძვირი. ისინი, ვინც ჰემოდიალიზზე დადიან, მერიის სოციალური პაკეტით სარგებლობენ და 2000 ლარის ოდენობის ერთჯერად დახმარებას იღებენ. თანხის ნახევარი პირველ კვარტალში, ნახევარი კი მეორეში გაიცემა. რენადა სარგებლობს როგორც ამ პაკეტით, ასევე პირველი ჯგუფის ინვალიდობის პენსიით, თუმცა ეს თანხა არ ჰყოფნის მედიკამენტებისთვის.
ამჟამად რენადას ოპერაცია ესაჭროება. ხელზე სიმსივნე ავქს, თუმცა ამ ოპერაციისთვის ფინანსები ახალგაზრდა ქალს არ აქვს. გარდა ამისა მაღალი წნევა აწუხებს. დიალიზის შემდეგ მას სიმშვიდე სჭირდება, მაგრამ დაქირავებულ ბინაში სხვებიც ცხოვრობენ, რომლებიც ხმაურობენ. ამიტომ ახალქალაქში, რომ ყოფილიყო ჰემოდიალიზის ცენრი, ეს მნიშვნელოვნად გაუადვილებდა რენადას ცხოვრებას.
გასულ წელს მან 2 ოპერაცია გადაიტანა, რომლებისთვისაც თვითონ გადაიხადა. მან მერიას მიმართა დახმარებისთვის, თუმცა იქ უარი უთხრეს.
რენადა დაოჯახებული იყო, მას 2 არასრულწლოვანი შვილი ჰყავს. იმის შემდეგ, რაც მისმა ქმარმა დაავადების შესახებ გაიგო, გაშორდა რენადას და ბავშვები წაიყვანა. ქალი თავის შვილებსაც კი ვერ ხვდება. ისინი შორს ცხოვრობენ, ჯანმრთელობა კი არ უწყობს ხელს გრძელი გზის გავლისთვის. ქმარი კი ბავშვებთან ლაპარაკის უფლებასაც არ აძლევს. ახლა რენადა დაავადების წინააღმდეგ მშობლებთან ერთად იბრძვის.
დეტალურად ამის შესახებ რენადა ზოროღლიანმა ისაუბრა.