უკვე რამდენიმე დღეა, რაც ნინოწმინდაში ძერჟინსკის ქუჩაზე მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს.
ქუჩის რემონტი შედის 2 მილიონიან ტენდერში, რომლის ფარგლებშიც ქალაქის სხვა ქუჩების რეაბილიტაციაც ხორციელდება. მთლიანად დაიხარჯება 2’163’000 ლარი 10 ლოკაციის ასფალტისთვის. ძერჟინსკის ასფალტის პროექტი შედგენილია შპს ,,გზამკვლევი 2001”-ის მიერ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიასთან 2021 წლის 20 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
ეს მონაკვეთი მიეკუთვნება ადგილობრივი მნიშვნელობის გზას, რომელიც აკავშირებს ქ. ნინოწმინდაში ძერჟინსკის შესახვევში მცხოვრებ მოსახლეობას სხვა ქუჩებთან. აქამდე აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტი არ ყოფილა. როგორც ადგილობრივები იხსენებენ, წვიმების დროს, ქუჩა ტალახიანდებოდა, რის გამოც აქედან გავლა რთულდებოდა. წვიმის წყლით გავსებული ორმოები კი საერთოდ აღარ ჩანდა, რაც გადაადგილებას სახიფათოს ხდიდა.
აღსანიშნავია, რომ ძერჟინსკის ერთ-ერთი შესახვევი არის ვიწრო, რის გამოც ტროტუარების მოწყობა აქ შეუძლებელია. თუმცა აქ გადის მიწისქვეშა კომუნიკაციები (წყალი, კანალიზაცი), რის გამოც პრობლემურ მონაკვეთებზე ხორციელდება საჭირო სამუშოები.
პროექტი ითვალისწინებს ქუჩის 476 მეტრის მანძილის ასფალტირებას, რისთვისაც გამოყოფილია 209 075 ლარი.
სამუშაოების 95% სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხოლო 5% ადგილობრივიდან. ეს თანხა ნინოწმინდამ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, დამატებითი დაფინანსების სახით მიიღო.
მოასფალტების სამუშაოებს, კომპანია “ჯავახავტოგზა” ასრულებს. ეს კომპანია წლებია, რაც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს გზების საფარის სარეაბილიტაციო მომსახურებას აწვდის.