ბოლო თვეებში ექსპერტებისა და ოფიციალური მონაცემების მიხედვით ქვეყანაში საკვები პროდუქტების ფასების შემცირების ტენდენცია ფიქსირდება. თუმცა ამის შესახებ ქალაქ ნინოწმინდის მოსახლეობას განსხვავებული მოსაზრება აქვს.
რადიო NOR-ის ჟურნალისტების დაკვირვების მიხედვით, ძირითადი სამომხმარებლო პროდუქტების ფასები ადგილობრივ მაღაზიებში მართლაც შემცირებულია წინა თვეებთან შედარებით. 2023 წლის 21 ივნისის მდგომარეობით:
- 1 კგ წიწიბურას ფასი 2.30-2.50 ლარს შორის მერყეობს;
- 5 კგ ბრინჯი 10-14 ლარამდე ღირს;
- 5 კგ ნებისმიერი მაკარონი 10-11 ლარი;
- 1 კგ კარაქის ფასი 7-13 ლარამდე მერყეობს (დამოკიდებულია მწარმოებელზე);
- 1 კგ შაქარი 2,50-2,70 ლარი ღირს;
- 5 ლიტრი ზეთი 14-22 ლარამდე ღირს;
- 1 კგ პომიდვრის ფასი 1.80-2.50 ლარს შორის მერყეობს;
- 1კგ კიტრი კი 1.50-2.00 ლარამდე ღირს;
- ახლად შემოსული გარგარის ფასი 4-5.50 ლარამდე ღირს.
მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პროდუქტების ფასები მცირდება, მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ საკვები პროდუქტების ფასები არ კონტროლდება. როგორც ქალაქის ერთ-ერთმა მკვიდრმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, 2020 წლიდან (კორონავირუსის შემდეგ), ყველა სახის მომსახურება და პროდუქტი გაძვირდა, მას შემდეგ კი ფასები არ დაწეულა.
“ხან საწვავის ფასებს უკავშირებენ, ხან დოლარის კურსს, ფაქტი კი ისაა, რომ უბრალოდ მეტი ფულის გამომუშავება უნდათ”, – ამბობს ერთ-ერთი ნინოწმინდელი.
რაც შეეხება ხილის ფასებს, ხალხის ნაწილს მიაჩნია, რომ სხვა რეგიონებიდან ჩამოსული მოვაჭრეები ქალაქის ქუჩებსა და სოფლებში გაცილებით იაფად ყიდიან პროდუქტს, ვიდრე მაღაზიებსა და ბაზარში.
ჰმაიაკ გრიგორიანი, რომელიც თვეებია, რაც ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობს ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ფასები არ შემცირებულა. თუმცა იგი ასახელებს ამის გამომწვევ ფაქტორებსაც. როგორც ის ხსნის, მაღაზიებში პროდუქტების ფასების უცვლელობა დაკავშირებულია იმაზე, რომ მაღაზიის მეპატრონე გადასახადებსაც იხდის, რაც მიღებულ შემოსავალსა და მოგებაზე გავლენას ახდენს.
უფრო დეტალურად ჩვენს აუდიომასალაში