2023 წლიდან ნინოწმინდის სკოლებში ბილინგვური განათლების პროგრამა ამოქმედდება

2023 წლიდან ნინოწმინდის სკოლებში ბილინგვური განათლების პროგრამა ამოქმედდება

ფოტო არქივიდან

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული 10-წლიანი სტრატეგიის (2022-2032) დოკუმენტის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ბილინგვური სწავლების განხორციელების გზით ენის სწავლების მხარდამჭერი ეფექტიანი პროგრამები ხელმისაწვდომი გახდება იმ მოსწავლეებისთვის, რომელთა მშობლიური ენა არ არის ქართული.

2023 წლის სექტემბრიდან არაქართულენოვან, მათ შორის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სკოლებში, ბილინგვური განათლების მოდული ამოქმედდება.

რას მოიცავს ეს პროგრამა?

პროგრამის მიზანია სახელმწიფო ენის სწავლება ბილინგვური განათლების მეთოდის გამოყენებით. ამისათვის უკვე შერჩეულნი არიან სპეციალისტები, რომლებიც იმუშავებენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სკოლებში. მთავარი მოთხოვნა იყო ქართული ენის კარგად ცოდნა. ნინოწმინდის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, პროექტში მონაწილე მასწავლებლები დაწყებით კლასებში იმუშავებენ, სადაც 5 საგნის (ხელოვნების, მათემატიკის, ბუნებისმეტყველების, მე და საზოგადოებისა და “ჩემი საქართველოს”) ძირითად მასწავლებლებთან ერთად ჩაატარებენ გაკვეთილს.

როგორც დაწესებულებაში აღნიშნეს, ეს არ გულისხმობს საგანმანათლებლო პროცესის თარგმანს ამა თუ იმ ენაზე. გაკვეთილის პროცესში ქართულენოვანი მასწავლებელი მხოლოდ გარკვეულ თემებს ახსნის ქართულ ენაზე (მაგალითად, 2+2=4 აიხსნება ქართულად, ან რაიმე კონკრეტული სიტყვა).

სექტემბრიდან დამხმარე მასწავლებლები შეუდგებიან საქმეს. ამჟამად დასაქმებულია 110 მასწავლებელი.

იხილეთ ასევე: