ნინოწმინდაში საბავშვო მოედნების განახლება: მიმდინარე პროგრესი და სამუშაო გეგმა

ნინოწმინდაში საბავშვო მოედნების განახლება: მიმდინარე პროგრესი და სამუშაო გეგმა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 350 000 ლარია გამოყოფილი საბავშო მოედნების კეთილმოსაწყობად.

სამუშაოებს ინდივიდუალური მეწარმე რაზმიკ ღუმაშიანი ასრულებს, რომელმაც ტენდერში 295 040 ლარის შეთავაზებით გაიმარჯვა. სამუშაოების განხორციელების ვადაა 20 კვირა.

საბავშო მოედნებს მოაწყობენ სოფელ ჟდანოვაკანში, ეფრემოვკაში, კათნატუში, ოროჯალარში, სათხეში, დიდ ხანჩალსა და ნინოწმინდის ნაწილებში – ხოჯაბეკსა და ნორაშენში.

როგორც პროექტის დოკუმენტშია აღნიშნული, უნდა განხორციელდეს შემდეგი სამუშაოები: გრუნტის დამუშავება ტექნიკითა და ხელით საფეხმავლო ბილიკების მოსაწყობად, ღორღის საფუძვლის მოწყობა, ბაზალტის ბორდიურისა და ბეტონის მოჭიმვის სამუშაოები, ბეტონის დეკორატიული ფილების მოწყობა, სკამებისა და ურნების მონტაჟი სკვერში, გრუნტის ხელით დამუშავება ატრაკციონის ირგვლივ რბილი კაუჩუკის საფარის მოსაწყობად, აგრეთვე ცვეთამედეგი კაუჩუკის საფარის მოწყობა, მშენებლობის დროს წარმოქმნილი ნარჩენების მოგროვება და ნაგავსაყრელზე გატანა, ახალი ატრაქციონის შესყიდვა და მონტაჟი.

როგორც რაზმიკ ღუმაშიანი ამბობს, გათვალისწინებულია ასევე 33 სკამი და ნაგვის ურნა, ასევე ორი დიდი ატრაქციონი სათხესა და დიდ ხანჩალში, ზოგ სოფელში კი “ცხენები”.

მიუხედავად იმისა, რომ საბავშვო მოედნები არც ისე დიდი ხნის წინ იყო მოწყობილი, ისინი უკვე გაფუჭებულია. კითხვაზე, შეიცვლება თუ არა დაზიანებული ატრაქციონები, ღუმაშიანმა გვიპასუხა, რომ ეს პროექტში არ შედის.

კეთილმოწყობის სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ნორაშენისა და ხოჯაბეკის ნაწილში, ასევე სოფელ დიდ ხანჩალში სამუშაოების ნაწილი შესრულებულია, დარჩენილია მხოლოდ კაუჩუკისა და ქვაფენილის მოწყობა. სათხესა და კათნატუში უკვე მიწის სამუშაოებია განხორციელებული.

19 ივნისს საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის ხარჯების ნაწილი 25 000 ლარით გაზარდეს. ეს თანხა გამოიყენება საბავშვო მოედნის მოსაწყობად სოფელ ყაურმაში.

ასევე სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სოფელ გორელოვკასა და ყაურმაში ახალი ატრაქციონების შესყიდვა და მოწყობა იგეგმება. ამისათვის ჯამში 25 707 ლარია გამოყოფილი. ტენდერი მეორედაა გამოცხადებული. გორელოვკისთვის გამოყოფილია 13 842 ლარი, ხოლო დანარჩენი 11 865 ლარი ყაურმისთვის.