რამდენად მომგებიანია მეცხოველეობა სოფელ ფარავანში?

რამდენად მომგებიანია მეცხოველეობა სოფელ ფარავანში?

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის მეცხოველეობა შემოსავლის ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს. სოფელ ფარავანში მოსახლეობა ძირითადად მეცხოველეობით არის დაკავებული.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე დაბალი ფასები ხალხს აიძულებს პროდუქტი და ცხოველები იაფად გაყიდოს.

სოფელი ფარავანი ნინოწმინდიდან 38 კმ-ში მდებარეობს, ფარავნის ტბის სამხრეთ სანაპიროზე, ნინოწმინდა-წალკა-თბილისის გზაზე. ამჟამად აქ 80 ოჯახია დასახლებული. ხალხი ძირითადად მეცხოველეობას ეწევა.

როგორც სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი აღნიშნავს, თივასთან დაკავშირებული სიტუაცია წელს კარგია, ერთი შეკვრა 5-6 ლარი ღირს, რაც ნორმალური ფასია. თუმცა რძის ფასი ძალიან დაბალია, რაც უარყოფითად აისახება მეცხოველეობის განვითარებაზე. ხალხი იძულებულია იაფად გაყიდოს რძე, რათა ქარხნებიდან აღებული ვალი დაფაროს.

ადგილობრივები თვლიან, რომ რეგიონშ ცხოვრება ძალიან რთულია. მაღალმთიანი ზონა ზღუდავს შესაძლებლობებს სხვა საქმიანობისთვის. მთელი დღე მეცხოველეობით არიან დაკავებულნი, მაგრამ პროდუქტს კარგი შემოსავალი არ მოაქვს. რძე იყიდება 1,20 ლარად. ხორცზე, ყველსა და რძეზე ფასები არ შეცვლილა. მიუხედავად იმისა, რომ სარგებელი აშკარა არ არის, სოფლის მცხოვრებლები მთლიანად ვერ შეწყვეტენ მეცხოველეობას, რადგან რეგიონში შემოსავლის ალტერნატიული წყაროები შეზღუდულია.

სტატისტიკის თანახმად, მუნიციპალიტეტში 35 220-მდე თავი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვია და 28 522-მდე წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი. 2016 წელთან შედარებით, უკანასკნელის რაოდენობა შემცირდა. 2016 წელს 31 000 თავი იყო. ამავე დროს, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა გაიზარდა. 2016 წელს 31 500 თავი პირუტყვი იყო.