მსხვილფეხა პირუტყვი უცნობი ვირუსითაა დაავადებული – ხალხი საკუთარი ძალებით კურნავს მათ

მსხვილფეხა პირუტყვი უცნობი ვირუსითაა დაავადებული – ხალხი საკუთარი ძალებით კურნავს მათ

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ერთ თვემდეა, რაც მსხვილფოხა რქოსანი პირუტყვი უცნობი ვირუსითაა დაავადებული – რამდენიმე სული ძროხა უკვე მოკვდა. მოსახლეობა ამბობს, რომ დაავადების სიმპტომები “თურქულს” ჰგავს, თუმცა ზუსტი ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი.

პირუტყვის დაავადების შემთხვევები სოფელ ეშტიაში, გორელოვკაში, დიდ და პატარა არაქალში ფიქსირდება. პირუტყვს ახლა მკურნალობენ, ზოგი მათგანი გამოჯანმრთელდა კიდეც, თუმცა არის ლეტალური შედეგებიც.

სიტუაციის გასარკვევად რადიო NOR-ის ჟურნალისტები სოფელ დიდ და პატარა არაქალს ეწვივნენ. მოსახლეობის თქმით პატარა არაქალში 3-4 სული ძროხა მოკვდა. დანარჩენი პირუტყვის უმრავლესობა კი დაავადდა და ხალხმა ისინი სახლში დატოვა სამკურნალოდ. სოფლის ერთ-ერთმა მკვიდრმა გვაცნობა, რომ ჰყავდა 6 ძროხა – ერთი მოკვდა, დანარჩენდები კი დაავადნენ. მან რამდენიმე დღე არ გაუშვა პირუტყვი საძოვრებზე, მხოლოდ თივას აჭმევდა და პირუტყვი განიკურნა.

სოფლის მოსახლეობისთვის კონკრეტული დიაგნოზი უცნობია, რადგან არ მიუმართავთ არსად, თუმცა ვარაუდობენ “თურქულს” [დაავადებას]. ძირითად სიმპტომებად ადგილობრივები ასახელებენ სისუსტეს ფეხებში, ჯიქნისა და ენის დაავადებას.

დიდ არაქალში პირუტყვის დახოცვის ფაქტი არ დაფიქსირებულა. როგორც სხვა სოფლებში, აქაც პირუტყვის დიდი ნაწილი დაავადდა. მოასხლეობა საკუთარი ძალებით მკურნალობს საქონელს: ვეტერინარულ აფთიაქებს მიმართავენ, ყიდულობენ წამლებს, უკეთებენ ნემსს და ფეხების და ენის გამობანვას აკეთებენ. დაავადებული ძროხებისგან მიღებული რძით კი ღორებს და ხბოებს კვებავენ

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოდან გვაცნობეს, რეგიონში ამ დროისთვის “თურქული” არ არის აღმოჩენილი.

ყოველწლიურად საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში “თურქულის” წინააღმდეგ აცრები ტარდება. ვაქცინაცია წელიწადში ორჯერ ხდება – გაზაფხულზე და შემოდგომით.

აღსანიშნავია, რომ ივნისში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოს, დაავადება „თურქულის” საწინააღმდეგო 345 ათასი დოზა ვაქცინა საჩუქრად გადაეცა ევროკომისიის გადაწყვეტილებით.

დეტალურად ამის შესახებ ჩვენს აუდიო-მასალაში

Radio NOR · Вспышка болезни среди крупного рогатого скота