სოფელ ეშტიაში ემკარის (ჭრიჭინას) დაავადებით 3 ძროხა დაიღუპა

სოფელ ეშტიაში ემკარის (ჭრიჭინას) დაავადებით 3 ძროხა დაიღუპა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიაში საზაფხულო საძოვრებზე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ემკარით (ჭრიჭინათი) დაავადდა. საძოვარი საღამოს ტბის სიახლოვეს, სოფლიდან 15 კმ-ში მდებარეობს.

ამის შესახებ რადიო NOR-ს ეშტიის სასოფლო თემში მერის წარმომადგენელმა, ეგრო ქოთოიანმა აცნობა. “ეშტიის საზაფხულო საძოვრებზე 1-3 წლის პირუტყვი ემკარით დაავადდა. ამის შესახებ მოსახლეობა გაფრთხილებულია. ჩვენ ასევე დავუკავშირდით ცენტრალურ და კერძო ვეტერინარებს, თუმცა ხალხი ინდივიდუალურად უტარებს აცრას პირუტყვს. უნდა ითქვას, რომ ეშტიაში 3 ძროხაა დაავადებული. მოსახლეობას მოვუწოდებ ყოველწლიურად ჩაუტარონ აცრა პირუტყვს სახელმწიფო პროგრამებით ან ინდივიდუალურად, რათა ამგვარ პრობლემებს თავი აარიდონ.

დეტალურად ჩვენს აუდიოჩანაწერში

Radio NOR · Հեշտիայում խշխշուկ հիվանդությունից 3 կենդանի է սատկել

იმის შესახებ, თუ რა დაავადებაა ემკარი (ჭრიჭინა) და რა სიმპტომები ახასიათებს, ვეტერინარ არტურ მღდესიანს დაველაპარაკეთ.

Radio NOR · Արթուր Մղդեսյան

ინფორმაცია დაავადების შესახებ

ემკარი (ჭრიჭინა): მსხვილრქოსან პირუტყვში ინკუბაციური პერიოდი ხანმოკლეა 1 – 2 დღეა, გამონაკლისს შემთხვევაში შეიძლება იყოს 5 დღე.

ემკარი მწვავე მიმდინარეობით ხასიათდება: ტემპერატურა სწრაფად იწევს 41 – 42 გრადუსამდე, ზოგჯერ ნორმალურიც შეიძლება იყოს, ცხოველი ძალზე მოდუნებულია, ცოხნას სწყვეტს, პულსი სუსტი და აჩქარებულიაქვს, უფრო ხშირად კუნთებით მდიდარ სხეულის სხვადასხვა ნაწილზე – ბარძაყზე, გავაზე, გულმკერდზე და სხვაგან ჩნდება სწრაფად მზარდი ერთი ან რამდენიმე მკაფიოდ შემოფარგლული, ზოგჯერ განფენილი, უსწორო ფორმის შეშუპება, იგი დასაწყისში ცხელი და მტკივნეულია, შემდეგ ცივი და უგრძნობი ხდება. შესიებულ ადგილზე ხელის დაჭერით კრეპიტაცია (ჭრიჭინი) იგრძნობა, კანი მუქდება და შავდება. კუნთების დაზიანება იწვევს მოძრაობის შეფერხებას: კოჭლობას, კიდურების ათრევას და სახსრების გაშეშებას.

ემკარის დაავადების პროფილაქტიკის მიზნით მოზარდი იცრება ემკარის საწინააღმდეგო ვაქცინით (არის ცალკე ემკარის და ასევე კომბინირებული ვაქცინა რაქშა) ვაქცინა შეჰყავთ კანქვეშ ან კუნთში დოზით 2 გრამი განურჩევლად ასაკისა, ხოლო კომბინირებული ვაქცინა რაქშა 6 თვის ასაკიდან 3 გრამი კანქვეშ. სპეციფიკური სამკურნალო საშუალებაა ჰიპერიმუნური შრატი.