სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში ნინოწმინდის მერიაში 3 ინიციატივაა შესული

სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში ნინოწმინდის მერიაში 3 ინიციატივაა შესული

დღეს, 16 აგვისტოს, ნინოწმინდის კულტურის ცენტრის ეზოში ნინოწმინდის თვითმმართველობის წარმომადგენლების, ორგანიზაცია “ჰეკს-ეპერსა” და ადგილობრივ მოსახლეობას შორის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროექტთან დაკავშირებით ერთგვარი საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა ეხებოდა სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის მიერ შეტანილ ინიციატივებსა და სხვა იდეებს, რომლების განხორციელებაც სურთ ნინოწმინდის მცხოვრებლებს. აღსანიშნავია, რომ პროგრამისთვის 2024 წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 20 000 ლარია გამოყოფილი, რითაც მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პროექტები დაფინანსდება. ამ დროისთვის შეტანილია 3 განცხადება, ხოლო მეოთხე ინიციატივის განაცხადის შევსება პროცესშია.

განაცხადების მიღება 15 ივლისს დაიწყო და უნდა დასრულებულიყო გუშინ, 15 აგვისტოს, მაგრამ ორგანიზატორების ინიციატივით 25 აგვისტომდე გადაიწია.

შეხვედრის დროს დამსწრე მოქალაქეებმა საკუთარი ინიციატივები და იდეები გაუზიარეს პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაცია “ჰეკს-ეპერის” წარმომადგენლებსა და მერიის თანამშრომლებს, რომლებმაც თავის მხრივ რეკომენდაციები გასცეს და უკვე მიღებული განაცხადები განიხილეს.

როგორც ორგანიზატორებმა თქვეს, გამარჯვებული პროექტი შეირჩევა ხალხის მიერ. შეტანილი განაცხადები პირველ რიგში განიხილება მერიის მიერ, შემდგომ შერჩეული ინიციატივების შინაარსი გამოქვეყნდება სოციალურ ქსელში, რის შემდეგაც ერთგვარი “არჩევნების” ჩატარებით შეირჩევა გამარჯვებული პროექტი.

კითხვაზე, თუ როგორ აპირებენ ხალხის მობილიზებას ამ “არჩევნებისთვის” “ჰეკს-ეპერის” წარმომადგენელმა გვიპასუხა, რომ თვითონ მონაწილეები მოიყვანენ “ამომრჩევლებს”, რადგან ეს მათივე [მონაწილეების] ინტერესებში შედის. აღნიშნული პროგრამა საპილოტეა და ორგანიზატორების აზრით მომავალში მასში უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება და უფრო მეტი ინიციატივა შემოვა.

სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელების მთავარი მიზანია მოსახლეობის ჩართვა როგორც ქალაქის, ასევე მუნიციპალიტეტის მართვის პროცესში, რაც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, თავად გადაწყვიტონ, როგორ გამოიყენონ და გაანაწილონ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა. ასევე ეხმარება ადგილობრივ თვითმმართველობას თემის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების გამოვლენაში.

პროექტების წარდგენის შესაძლებლობა აქვს ნინოწმინდაში რეგისტრირებულ ან/და ფაქტობრივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს. პროექტებს, თუ რომელი უნდა დაფინანსდეს, მოქალაქეები კენჭისყრის შედეგად შეარჩევენ.