ფოტო არქივიდან
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიასა და განძაში მიმდინარეობს შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები. განძაში ჯერ კიდევ ივნისში დაიწყო მოასფალტების სამზადისი, ხოლო ეშტიაში ერთი თვის შემდეგ, 20 ივლისს.
ამჟამად ეშტიის გზაზე ივლისში განხორციელებული სამუშაოების გარდა, რაც მოიცავდა გეოდეზიურ სამუშაოებს (ანუ გზის საფარის გასწორებას), სხვა არანაირი სამუშაო არ ყოფილა შესრულებული. რაც შეეხება განძის 2 მონაკვეთს, აქ, როგორც მერის მოადგილემ, არმენ ბდოიანმა გვაცნობა, სამუშაოები გრძელდება.
ნინოწმინდის მერიასა და კომპანია “ჯავახავტოგზას” შორის გაფორმებული ხელშეკრულების მესამე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამუშაოს შესრულების ვადაა 10 (ათი) კვირა – დაწყებული 2023 წლის 31 მაისიდან 2023 წლის 09 აგვისტოს ჩათვლით. ამავე მუხლის მესამე პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია, განსაზღვრულ ვადაში, სამუშაო განახორციელოს ხელშეკრულებაზე თანდართული, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ფორმით წარდგენილი, სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.
ნინოწმინდის მერის მოადგილემ, არმენ ბდოიანმა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენთან საუბრის დროს თქვა, რომ კომპანიას, დამატებით, 31 აგვისტომდე მიეცა დრო, სამუშაოების დასასრულებლად, რადგან კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სამუშაოების შესრულება არ იყო შესაძლებელი.
თუმცა ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე რაიმე სახის დოკუმენტი არ არის განთავსებული.
აღსანიშნავია, რომ საგზაო-სამშენებლო კომპანია “ჯავახავტოგზა” 1998 წლიდან არის დარეგისტრირებული, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს). კომპანია სამცხე-ჯავახეთში, ძირითადად, ნინოწმინდასა და ახალქალაქში ახორციელებს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს.
ამ დროისთვის მხოლოდ ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში კომპანიას 130-ზე მეტი ტენდერი აქვს მოგებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ძირითად საქმეს ავტოსაგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებით აღნიშნული კომპანია ასრულებს, როგორც მუნიციპალიტეტების, ასევე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით.