ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურმა განძისა და ეშტიის სოფლის შიდა გზების მოასფალტებისთვის ჯერ კიდევ მაისში ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერის გამარჯვებული, ჩვეულებრისამებრ, კომპანია “ჯავახავტოგზა აღმოჩნდა. ამ სამუშაოებისთვის გამოყოფილი 931 200 ლარის მაგივრად, კომპანია 927 000 ლარად შეასრულებს სამუშაოებს.
602 მეტრის სიგრძის გზის მშენებლობისთვის ეშტიაში 484 100 ლარია გამოყოფილი, ხოლო განძის ორი მონაკვეთის (235 მეტრის და 414 მეტრის) 237 200 ლარი და 209 900 ლარი, შესაბამისად.
განძაში გზის საფარის გასწორების სამუშაოები 15 ივნისს დაიწყო, აქედან 2 დღით ადრე კი ეშტიაში. ამის შემდეგ კი სამუშაოები შეჩერებულია. დღემდე სხვა სახის სამუშაო არ არის შესრულებული. ამის შესახებ რადიო NOR-მა განძის ერთ-ერთი მცხოვრებისგან შეიტყო.
“მოასფალტების საკითხისადმი მოსახლეობა სკეპტიკურადაა განწყობილი. აქამდე მხოლოდ პირველადი დამუშავების სამუშაოებია შესრულებული და 2-3 თვეა აღარაფერი გაკეთებულა. სულ რამდენიმე მეტრი უნდა მოასფალტდეს და უცნობია როდის მოხდება ეს. საუბრები არის, გაკეთებული სამუშაო კი არა”, – ამბობს ის.
დეტალურად ჩვენს აუდიოჩანაწერში.
კომპანიასა და ნინოწმინდის მერიას შორის კონტრაქტი 31 მაისს გაფორმდა და დოკუმენტის თანახმად, სულ რაღაც 10 კვირა ჰქონდა დრო სამუშაოების შესასრულებლად, ანუ მთავრდებოდა 9 აგვისტოს. თუმცა ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტების მიხედვით, კომპანიამ მუნიციპალიტეტს 11 აგვისტოს მიმართა სამუშაოების გადავადების განცხადებით. დოკუმენტში მიზეზად მითითებულია არახელსაყრელი ამინდის პირობები.
“ქ. ახალქალაქის მეტეოროლოგიური საგუშაგოს მონაცემებზე დაყრდნობით გაცნობებთ, რომ 2023 წლის 9 ივნისიდან 2023 წლის 11 ივლისამდე ნალექი აღინიშნა”, – წერია დოკუმენტში
შედეგად კომპანია არ დააჯარიმეს, ამის მაგივრად 2023 წლის 30 სექტემბრამდე მიეცა დამატებითი დრო სამუშაოების შესასრულებლად. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოასფალტების სამუშაოებს კომპანია “ჯავახავტოგზა” ახორციელებს.
ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების შესახებ დოკუმენტი იხილეთ ქვემოთ:
Документ об изменении контр… by Radio NOR
რადიო NOR-ი ამ საკითხთან დაკავშრებით განძისა და ეშტიის სასოფლო თემების რწმუნებულებს, ჰრანტ სირაკანიანსა და ეგორ ქოტოიანსაც გაესაუბრა. მათ აღნიშნეს, რომ არსებული ინფორმაციით, მალე კომპანია გააგრძელებს მოასფალტებასა და სარემონტო სამუშაოებს ორივე სოფელში.
“ჯავახავტოგზას” ხელმძღვანელის მოადგილემ, გიორგი ინასარიძემ კი გვიპასუხა კითხვაზე, თუ როდის გააგრძელებენ სამუშაოებს:
— “ამ წუთას გზის სამშენებლო სამუშაოები სოფელ სპასოვკაში მიმდინარეობს, მაგრამ დასასრულს უახლოვდება. შემდეგ კი სამუშაო ჯგუფი გადაინაცვლებს ამ სოფლებში [ეშტიასა და განძაში]. ვადების შესახებ ინფორმაცია არ გამაჩნია, მაგრამ დროულად დავასრულებთ”, – აცხადებს ის.