მედიის ცნობით, უკრაინისთვის აშშ-ის დაფინანსება წლის ბოლოსთვის ამოიწურება

მედიის ცნობით, უკრაინისთვის აშშ-ის დაფინანსება წლის ბოლოსთვის ამოიწურება

უკრაინისთვის აშშ-ის დაფინანსება წლის ბოლოსთვის ამოიწურება, – „ფაინენშელ თაიმსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის ადმინისტრაციულ-საბიუჯეტო ოფისის დირექტორის, შალანდა იანგის წერილში, რომელიც მან კონგრესის ლიდერებს გაუგზავნა.

წერილის თანახმად, კონგრესის მოქმედების გარეშე, წლის ბოლომდე ამოიწურება რესურსები უკრაინისთვის მეტი იარაღისა და აღჭურვილობის შესაძენად, ისევე როგორც ამერიკული სამხედრო მარაგიდან აღჭურვილობის უზრუნველსაყოფად.

წერილში აღნიშნულია, რომ კონგრესის უარი ახალი მხარდაჭერის დამტკიცებაზე „დააჩოქებს კიევს ბრძოლის ველზე“, ასევე „გაზრდის რუსეთის სამხედრო გამარჯვების ალბათობას“.

„არ არსებობს დაფინანსების ჯადოსნური ქოთანი ამ მომენტის დასაკმაყოფილებლად. ჩვენ არ გვაქვს ფული და თითქმის აღარ გვაქვს დრო. უკრაინის ეკონომიკა თუ  დაინგრევა, ისინი ვერ შეძლებენ ბრძოლის გაგრძელებას. პუტინს ეს კარგად ესმის, რის გამოც რუსეთმა უკრაინის ეკონომიკის განადგურება თავის სტრატეგიაში ცენტრალურ ნაწილად აქცია, რაც შეგიძლიათ, ნახოთ უკრაინის მარცვლეულის ექსპორტისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მანამდე, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, რომ აშშ-ის კონგრესი შეძლებს დამატებითი თანხების გაცემას საშობაო არდადეგებამდე ისრაელისა და უკრაინის დასახმარებლად. სექტემბერში თეთრმა სახლმა კონგრესს სთხოვა, დაემტკიცებინა 106 მილიარდი დოლარის დამატებითი დაფინანსების პაკეტი, რომელიც მოიცავს 61 მილიარდ დოლარზე მეტ დაფინანსებას უკრაინისთვის, ასევე ისრაელის, ტაივანისა და საზღვრის უსაფრთხოებისთვის, მაგრამ ინიციატივა წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო შეჩერდა.

1TV