23 სექტემბერს რუსეთის საჰაერო იერიშებმა კიევში არა მხოლოდ საცხოვრებელი და კომერციული ობიექტები, არამედ სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაც დააზიანა. რამდენიმე ინტერნეტპროვაიდერმა დაადასტურა მონაცემთა ცენტრებისა და ქსელის საკვანძო კვანძების დაზიანება.
უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს შეფასებით, შედეგად კიევსა და კიევის ოლქში დაახლოებით 100 ათას ოჯახს შეექმნა ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემები.
რა დაზიანდა
დარტყმის შედეგად პრობლემები შეექმნა რამდენიმე პროვაიდერს, მათ შორის UTELS-ს, Pautyna-ს, Crazy Network-ს, Etherlink-სა და MiroHost-ს.
დაზიანდა როგორც მონაცემთა ცენტრები, ისე ქსელური ინფრასტრუქტურა, რომლის საშუალებითაც ინტერნეტის გაერთიანება ხდება. თუმცა უკრაინაში ინტერნეტი მთლიანად არ გათიშულა. ოპერატორების სარეზერვო კვანძებმა და ალტერნატიულმა მარშრუტებმა ქსელის მნიშვნელოვანი ნაწილის მუშაობა შეინარჩუნა.
თავდასხმის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დარტყმის ერთ-ერთი სამიზნე იყო კიევის მონაცემთა ცენტრი NewTelco, ასევე United DC.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამიზნეებს შორის NewTelco და United DC დაასახელა.
რუსეთის ვერსიით, NewTelco უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინტერნეტტრაფიკს ემსახურებოდა, ხოლო United DC დაკავშირებული იყო უკრაინის უსაფრთხოების სტრუქტურებთან.
ეს განხადებები არ დადასტურებულა – Kyiv Independent-ი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე უფრო სამართლიანია საუბარი კიევის სატელეკომუნიკაციო და მონაცემთა ინფრასტრუქტურის დაზიანებაზე, ვიდრე იმის მტკიცება, რომ დადასტურებულად განადგურდა უკრაინის სამხედრო ინტერნეტკვანძი.
იყო თუ არა ეს ინტერნეტის სრული გათიშვა? – არა
მონაცემთა ცენტრები მხოლოდ ვებსაიტების სერვერები არ არის. მათში შეიძლება განთავსებული იყოს ინტერნეტპროვაიდერების ქსელური მოწყობილობები, ტრაფიკის გაცვლის კვანძები, ჰოსტინგის სერვერები და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურა.
ასეთი ობიექტის მწყობრიდან გამოსვლამ შეიძლება ერთდროულად რამდენიმე ქსელის მუშაობა შეაფერხოს.
სწორედ ამიტომ 23 სექტემბრის დარტყმამ გაცილებით მეტი მომხმარებელი დააზარალა, ვიდრე მხოლოდ იმ კომპანიების აბონენტები, რომელთა მონაცემთა ცენტრებიც უშუალოდ დაზიანდა.
შეფერხებები მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ უკრაინის მასშტაბით ინტერნეტის სრული გათიშვა არ მომხდარა. ქსელის დეცენტრალიზებული სტრუქტურა და სარეზერვო მარშრუტები, საქართველოსგან განსხვავებით, საშუალებას იძლევა, ცალკეული მონაცემთა ცენტრების ან ქსელური კვანძების დაკარგვის შემთხვევაშიც სისტემის მომსახურება გაგრძელდეს.
ამავე დროს, 23 სექტემბრის თავდასხმამ აჩვენა, რომ ინტერნეტის ფიზიკური ინფრასტრუქტურა ომის პირობებში მოწყვლადია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ობიექტები, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე ოპერატორს ემსახურება.

