ნინოწმინდაში, ნორაშენის უბანში მდებარე მინი სტადიონის მშენებლობა 2022 წელს განხორციელდა.
მინი სტადიონის ხელოვნური გაზონი ძლიერმა ქარმა დააზიანა და ის შეკეთებას საჭიროებს. ამის შესახებ მოქალაქემ საკუთარი აზრი რადიო NOR-ის პოსტის კომენტარებში დააფიქსირა.
ნორაშენის უბანში ახალი მინი-ფეხბურთის მოედნის კეთილმოწყობისთვის 48 000-მდე ლარი იყო გამოყოფილი. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2 მინი-სტადიონზე – ნორაშენისა და სოფელ საღამოში კონკურსი გამოცხადდა. კეთილმოწყობის სამუშაოები სამშენებლო კომპანია შპს “ოვალმა” განახორციელა. ტენდერი 78 000 ლარის ოდენობით გამოცხადდა, კომპანიამ 71 650 ლარით გაიმარჯვა. (NAT220018071)
კომპანიის წარმომადგენელმა, დიმიტრი არჩვაძემ რადიო NOR-ს განუცხადა, პასუხისმგებელია თუ არა შპს “ოვალი” ნორაშენის მინი სტადიონის ხელოვნური ზედაპირის შეკეთებაზე. “სამუშაოების დასრულების შემდეგ კომისიის წევრებმა შეამოწმეს და მიიღეს სამუშაოები. სამწლიანი პერიოდი ეხება ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოს დეფექტებს და არა ადამიანების ან ქარის მიერ მიყენებულ ზიანს. რაიმე პრობლემა რომ ყოფილიყო, სამუშაო საერთოდ არ მიიღებოდა.”
ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში:
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულება 2022 წლის 30 სექტემბერს გაფორმდა, რომლის ვადა 2023 წლის 31 დეკემბრამდეა. სტადიონის საგარანტიო ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წელია. (NAT220018071)
ამ საკითხზე ასევე ვისაუბრეთ ნინოწმინდის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს, არმენ ბდოიანთან.
“თუ ქარმა სათამაშო მოედანი დააზიანა, სამუშაოს შემსრულებელი კომპანია არ არის პასუხისმგებელი, მიუხედავად დროის პერიოდისა. წელს სტადიონზე მუშაობა არ იგეგმება, რადგან ზამთრის პირობებში გაზონის შეკეთებას აზრი არ აქვს. ეს სამუშაოები მომავალ წელს შესრულდება.”