წელს საახალწლო დეკორაციების შეძენისა და მონტაჟისთვის ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან გამოიყო 49 000 ლარი. მერიამ შეიძინა სხვადასხვა დეკორაციები და საახალწლო განწყობა შექმნა ქალაქში.
რადიო NOR-მა ჩაატარა გამოკითხვა ნინოწმინდაში, რათა გაერკვია, რას ფიქრობს მოსახლება დახარჯულ თანხაზე და ასევე გაეგო მოსახლეობის აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის პრობლემების მოგვარება შეიძლებოდა იგივე თანხის დახარჯვით.
მოქალაქეების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ საახალწლო განწყობა შექმნილია და ეს ძალიან კარგია დადებითი ემოციებისა და კარგი საახალწლო დროის გატარებისთვის, არსებობს ბევრი პრობლემა, რომელთა მოგვარებაც შეიძლებოდა 49 000 ლარით. ადამიანები აღნიშნავენ, რომ მუნიციპალიტეტში არის გზების, წყლის, სოფლის მეურმეობის, საავადმყოფოს, სოციალური დახმარებისა და საბავშვო ბაღებთან დაკავშირებული პრობლემები.
ადამიანების ნაწილი ამბობს, რომ ახალი წელი წელიწადში ერთხელ არის და ქალაქის მორთვა და საახალწლო სამზადისი აუცილებელი და მნიშვნელოვანია, და თუ ამისთვის 49 000 ლარია გამოყოფილი, ესეიგი საჭიროა.
“მიხარია, რომ ქალაქი ყოველდღიურად ვითარდება და ცხოვრებაც საინტერესო ხდება. სასიამოვნოა, როდესაც გვაქვს დასვენებისა და თავისუფალი დროის გატარების ადგილი. ახალ წელს კი საჭიროა ქალაქის გალამაზება, რათა გარემო იყოს შესაფერისი.” – ამბობს აღუნიკ ბაგირიანი.
მიუხედავად ამისა, მოქალაქეებმა ბევრჯერ ახსენეს სოციალური დახმარების პრობლემა. მათი აზრით, საჭიროა ამ რთულ პერიოდში სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარება ან ფინანსური მხარდაჭერა, რომ შეძლონ სრულფასოვნად აღნიშნონ ახალი წელი. – დახმარება უნდა გაეწიათ სოცალურად დაუცველ ოჯახებს, რომ ხალხმა სესხების აღების გარეშე შეძლოს ახალი წლის აღნიშვნა. – ამბობს პენსიონერი ნინოწმინდიდან. გარდა ამისა, ასევე აღინიშნა საბავშვო ბაღების ნაკლებობა სოფლებში:
“ბევრი პრობლემის მოგვარება შეიძლება. მაგალითისთვის, საჭიროა მეტი საბავშვო ბაღი. ძალიან ბევრს მოჰყავს ბავშვები სოფლიდან ქალაქში, ან ერთი სოფლიდან მეორეში, იმიტომ რომ საბავშვო ბაღი არ აქვთ.” – ამბობს ნინოწმინდის მკვიდრი.
ვრცლად ჩვენს გამოკითხვაში:
შეგახსენებთ, რომ წელს, გამოცხადებული ტენდერის თანახმად (NAT230024508), საახალწლო დეკორაციების შეძენისა და მონტაჟისთვის ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან გამოიყო 49 000 ლარი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო არარატ არზუმანიანმა და 49 000 ლარით მოიგო.
აღსანიშნავია, რომ პროექტის მიხედვით, ქალაქში საახალწლო განწყობის შესაქმნელად წელს ქალაქში სხვადასხვა დეკორაციები დამონტაჟდება. საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობის დოკუმენტის თანახმად, ქალაქში დამონტჟდა შემდეგი დეკორაციები: ქალაქის ცენტრში დასამაგრებელი ლედ კონსტრუქციები, ქალაქის ცენტრში ბეტონის ბოძებზე დასამაგრებელი ლედ კონსტრუქციები, ჩამოსაკიდი საახალწლო განათება “ჯონჯოლი”, რომლის სიგრძე 10 მეტრი იქნება, მთავარი ნაძვის ხის ახალი დიზაინისთვის საჭირო ვარსკვლავები, 2D ოქროსფერი დეკორაცია “არკა”, რომლის სიმაღლეც 2,5 მეტრია, ახალი წლის რიცხვის გამომხატველი 2 მეტრიანი 2D დეკორაცია (2024), ნაძვის ხის 1 მეტრიანი კარკასი, დეკორატიული ბადე კარკასისთვის, ციმციმა სტრინგი და ა.შ.
წაიკითხეთ ასევე: