რადიო NOR-ის ჟურნალისტები არ შეუშვეს მერიაში. რა ხდება?

რადიო NOR-ის ჟურნალისტები არ შეუშვეს მერიაში. რა ხდება?

დღეს, 11 აპრილს, რადიო NOR-ის ჟურნალისტი მერიაში მივიდა, რათა მოქალაქეებისთვის სისხლის დონაციის პროცესი გაეშუქებინა, რომელიც საკრებულოს შენობაში მიმდინარეობდა.

კანონდარღვევის შედეგად მერიის დაცვის სამსახურმა ჟურნალისტს მერიაში შესვლის საშუალება არ მისცა, იმ მოტივით, რომ მას “მოწვევა” სჭირდებოდა.

ჟურნალისტმა შეატყობინა NOR-ის რედაქციას ინციდენტის შესახებ. რედაქციამ ჟურნალისტს დაავალა, რომ რადიო NOR-ის Facebook გვერდზე პირდაპირ ეთერში გაეშუქებინა ზემოხსენებული კანონდარღვევის დეტალები. 

ამ სიუჟეტის გასაშუქებლად რადიო NOR-მა მოგვიანებით ორი ჟურნალისტი მიავლინა მერიაში. დაცვის თანამშრომლები კვლავ ამტკიცებდნენ, რომ ჟუნალისტებს მერიაში შესასვლელად მოსაწვევი სჭირდებათ.

პირდაპირ ეთერში გასვლამდე ჟურნალისტები ცდილობდნენ გაერკვიათ, რა სახის “მოსაწვევებზე” იყო საუბარი და რატომ არ შეუშვეს ისინი მერიაში.

დაცვის თანამშრომელი ავიდა მერის მოადგილესთან და დაბრუნებისას განუცხადა ჟურნალისტებს “გაშუქებამდე აუცილებლად ასულიყვნენ მერის მოადგილესთან”.

მერის მოადგილემ შეხვედრის დროს ჟურნალისტებს განუმარტა, რომ მერიაში შესასვლელად აუცილებელია PR სამსახურთან წინასწარი შეთანხმება.

რედაქცია დავუკავშირდა “მედიის ადვოკატირების კოალიციის თავჯდომარეს” მამუკა ანდღულაძეს:

 “ზოგადად ბოლო პერიოდში ტენდენცია ჩამოყალიბდა – არ უშვებენ მედიას ნებართვის გარეშე. ადრე ნაკლებად პრობლემატური იყო.
თუმცა, რამდენად აუცილებელია მსგავსი შეზღუდვა (იგულისხმა მერიები, რედ.).

აქ ისმის მთავარი კითხვა, როდესაც მედია რეალურად არ ქმნის არც ტექნიკურად, არც სხვაგვარად პრობლემას საჯარო უწყებების თანამშრომლების საქმიანობაში და არანაირ ხელოვნურ დაბრკოლებას არ უქმნის მოვალეობების შესასრულებლად.”

 

რა წერია კანონში?

მუხლი 154. ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელის შეშლა / matsne.gov.ge

ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა

  1. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.
  2. იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

სამუშაო დღის დასრულებამდე ჟურნალისტებმა საბოლოოდ მოახერხეს სისხლის დონაციის პროცესთან დაკავშირებული პროექტის გაშუქება.