18 ივნისს, ღამის პირველ საათზე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკაში ვიდეოკამერამ დათვი დააფიქსირა. როგორც დღეს რადიო NOR-ს გორელოვკის ერთ-ერთმა მკვიდრმა აცნობა, ღამით უცნაური ხმაურის გამო გამოეღვიძათ, ხოლო გარეთ გასვლისას ნახეს დათვი, რომელიც ნაგვის ურნაში საკვებს ეძებდა.-“ძალიან შეგვეშინდა,გრეთ გასულებს დათვი დაგვხვდა რომელიც სახლთან ახლოს, ნაგვის ურნაში საკვებს ეძებდა. გთხოვთ, მიიღოთ ზომები, სანამ ვინმე არ დაზიანდა“.
რადიო NOR-ს კიდევ ერთმა სოფლის მკვიდრმა დაუდასტურა დათვის გამოჩენა ნაგვის ურნასთან.
-“დათვი გორელოვკაში ვნახე, ღამის პირველ საათზე ნაგვის ურნაში იქექებოდა. გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ამ საკითხს, სანამ რამე საშინელება არ მოხდა და ვინმე არ დაზიანდა“, – გვწერს სოფელის მკვიდრი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში დათვის გამოჩენის შემთხვევები არაერთ სოფელში დაფიქსირდა. რედაქციას მოქალაქეებმა არაერთხელ მიაწოდეს ფოტო-ვიდეომასალა, მათ შორის, გუშინ მიღებული კადრები, სადაც დათვი სოფელ ეფრემოვკის ტყესთან მწყემსმა დააფიქსირა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დათვის გამოჩენასთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობა შეშფოთებულია და შესაბამისი სამსახურების დროულ რეაგირებას მოითხოვს.
შეგახსენებთ,რომ 12 ივნისს ნინოწმინდის მერიას მივმართეთ, რათა გაგვერკვია, რას გეგმავს თვითმმართველობა პრობლემის მოსაგვარებლად. მერიაში გვიპასუხეს, რომ ამავე დღეს გაგზავნეს წერილი გარემოს დაცვისა და ზედამხედველობის დეპარტამენტს, რათა მათ მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.ნინოწმინდის მერიის გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების განყოფილების უფროსმა, არმან პოღოსიანმა, ეს ინფორმაცია დაგვიდასტურა.
-“12 ივნისს ოფიციალურად მივმართეთ გარემოს დაცვის სამინისტროს წერილით. წერილში განვმარტეთ, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დათვი გამოჩნდა, მოსახლეობა შეშინებულია და დაფიქსირდა შემთხვევები სოფლებშიც, სადაც პირუტყვს ესხმის თავს. ახლა ველოდებით სამინისტროს პასუხს და შესაბამის რეაგირებას.
არმან პოღოსიანის თქმით, გარემოს დაცვის სამინისტროდან პასუხი ჯერ არ მიუღიათ და მის მიღებას უახლოეს 10 დღის განმავლობაში ელიან — ვადა ჯერ არ გასულა. კითხვაზე, რამდენი მტაცებელი გადაადგილდება მუნიციპალიტეტში, ინფორმაცია ამ ეტაპზე არ არსებობს. გარემოს დაცვის სამინისტრო არ ჩქარობს პასუხის გაცემას ნინოწმინდის მერიის მიმართვაზე. ამასთანავე, მათ უკვე უნდა ჰქონოდათ რეაგირება მოსახლეობის სიცოცხლისთვის შექმნილ საფრთხეზე. მშიერი მტაცებელი არა მხოლოდ ნაგვის ურნებში იქექება, არამედ შესაძლოა ადამიანებსაც დაესხას თავს.
ნინოწმინდის მერიამ გარემოს დაცვის სამინისტროს წერილობით მიმართა
ადგილობრივი მოსახლეობა კვლავ ელოდება შესაბამისი უწყებების ჩარევას და იმედოვნებს, რომ პრევენციული ზომები დროულად ჩატარდება, რათა თავიდან აიცილონ შესაძლო საფრთხეები.