ჯავახეთის პემზა თბილისში: როგორ ამცირებს ადგილობრივი ნედლეული ენერგოდანაკარგებს ახალ საცხოვრებელ კორპუსში

ჯავახეთის პემზა თბილისში: როგორ ამცირებს ადგილობრივი ნედლეული ენერგოდანაკარგებს ახალ საცხოვრებელ კორპუსში

თბილისის ისნის რაიონში, სერგი წულაძის ქუჩაზე, მიმდინარეობს შვიდსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, სადაც სამშენებლო კომპანია KS Group ერთ-ერთ მთავარ კონსტრუქციულ მასალად ჯავახეთის წითელი პემზისგან დამზადებულ სამშენებლო ბლოკებს გამოიყენებს. კომპანიის შეფასებით, ამ გადაწყვეტილებამ ერთდროულად ორი ამოცანა გადაჭრა – გააუმჯობესა მშენებლობის ხარისხი და შეამცირა შენობის ენერგოდანაკარგები.

პემზა, როგორც სამშენებლო მასალა, საქართველოს სამხრეთ რეგიონებში დიდი ხანია ცნობილია. მისი ფოროვანი სტრუქტურა ბუნებრივად უზრუნველყოფს თბოიზოლაციას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საცხოვრებელი შენობებისთვის. თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული პემზობეტონის ბლოკები აერთიანებს სიმტკიცესა და მსუბუქ წონას, რაც მათ პრაქტიკულს ხდის მრავალსართულიანი შენობების კონსტრუქციებში გამოყენებისთვის.

KS Group-ის ბლოკები ადგილობრივად იწარმოება, ხოლო მასალა უშუალოდ ჯავახეთში მოიპოვება. ეს გარემოება ამცირებს როგორც ხარჯებს, ასევე მასალის თვითღირებულებას, თუმცა კომპანიის დირექტორის, ედიშერ ქარჩავას, განმარტებით, ეკონომია ხარისხის ხარჯზე არ მიიღწევა. პირიქით, საკუთარი წარმოება საშუალებას აძლევს კომპანიას სრულად აკონტროლოს ნედლეულის შერჩევა, წარმოების პროცესი და მზა ბლოკის გეომეტრია.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ პემზობეტონის ბლოკები ორი სხვადასხვა ზომით გამოიყენება შენობის სხვადასხვა ნაწილში.

– “გარე კედლებისთვის შერჩეულია გაზრდილი სისქის (და შესაბამისად სიმტკიცის) ბლოკები, რომლებიც უზრუნველყოფს როგორც კონსტრუქციულ სიმტკიცეს, ასევე თბოიზოლაციას. შიდა ტიხრებისთვის კი შედარებით მსუბუქი და თხელი ბლოკებია გამოყენებული, რაც ამცირებს დატვირთვას გადახურვებზე და ამარტივებს საინჟინრო კომუნიკაციების განთავსებას”, – აცხადებს კომპანიის დირექტორი ედიშერ ქარჩავა.

ენერგოეფექტურობა დღეს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება სამშენებლო სფეროში. სპეციალისტების შეფასებით, კედლების მასალა მნიშვნელოვან როლს ასრულებს შენობის საერთო ენერგობალანსში. პემზობეტონის დაბალი თბოგამტარობა საშუალებას იძლევა შემცირდეს გათბობასა და გაგრილებაზე დახარჯული ენერგია, რაც საბოლოოდ აისახება ბინის მფლობელის ჯიბეზე.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ადგილობრივი ბუნებრივი მასალების გამოყენება არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ ეკოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებასაც ნიშნავს. პემზობეტონის წარმოება ნაკლებ ენერგორესურსს მოითხოვს ტრადიციულ სამშენებლო მასალებთან შედარებით, ხოლო რეგიონში წარმოება ამცირებს ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ გარემოზე ზემოქმედებას.

ისანში მიმდინარე პროექტი, სადაც KS Group ჯავახეთის პემზის ბლოკების გამოყენებას იწყებს, შეიძლება ჩაითვალოს მაგალითად იმისა, თუ როგორ ხდება ეროვნული რესურსების ინტეგრირება თანამედროვე ურბანულ მშენებლობაში. ედიშერ ქარჩავა აღნიშნავს, რომ მსგავსი მიდგომა მომავალ პროექტებშიც იგეგმება, როგორც ხარისხზე ორიენტირებული და ენერგოეფექტური მშენებლობის ნაწილი.