საოპერაციო ხარჯების ზრდამ “ჯავახეთის მეკარტოფილეები არ უნდა შეაშინოს”?

საოპერაციო ხარჯების ზრდამ “ჯავახეთის მეკარტოფილეები არ უნდა შეაშინოს”?

ქართული კარტოფილის ექსპორტიორებს 2026 წლის ბოლოსა და 2027 წლის დასაწყისში ხელსაყრელი საბაზრო ვითარება ელოდებათ. ანალიტიკოს ვახტანგ მგელაძის შეფასებით, უახლოეს პერიოდში კარტოფილის ფასი გაცილებით მეტად გაიზრდება, ვიდრე სასუქებისა და დიზელის გაძვირებით გამოწვეული თვითღირებულების ზრდა.

მისი დათვლებით, როგორც ევროპის, ისე რუსეთის კარტოფილის ბაზარზე შესაძლოა სერიოზული დეფიციტი და ფასების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდეს. შესაბამისად, ეს ვითარება ქართული კარტოფილის ექსპორტისთვის ხელსაყრელ საბაზრო პირობებს შექმნის.

ექსპერტის მოსაზრება

ევროპაში წელს ექსტრემალური ამინდის პირობების გამო კარტოფილის ახალი მოსავლის 3’100’000 ტონაზე მეტი დაიკარგა. დანაკარგების საერთო ღირებულება დაახლოებით 400-დან 620 მილიონ ევრომდეა შეფასებული. მხოლოდ გერმანიაში, უპრეცედენტო სიცხისა და გვალვის გამო, მოსავლის თითქმის სრულად დაკარგვას ელიან.

ამას ემატება დაახლოებით 3’600’000 ტონა კარტოფილის მოსალოდნელი დანაკლისი, რომელიც წელს საერთოდ არ დაითესა. საქმე ისაა, რომ ევროპელმა ფერმერებმა 2025 წლის რეკორდული მოსავლის გამო მნიშვნელოვანი ზარალი მიიღეს. ამიტომ, სასუქებისა და დიზელის საწვავის ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე, აგრარულმა სექტორმა დამატებითი რისკების აღება აღარ ისურვა.

ქართული კარტოფილი აქამდე ევროპის ბაზარზე პრაქტიკულად არ გადიოდა და ძირითადად მეზობელ ქვეყნებში — რუსეთში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებში ექსპორტირდებოდა.

თუმცა ევროპის ბაზარზე წარმოქმნილი დეფიციტი ფასებსა და მოთხოვნას ყველგან გაზრდის. ამის მიზეზი ისიც იქნება, რომ კარტოფილის მიწოდება სხვა ქვეყნებიდან გადამისამართდება უფრო მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე ევროპულ ბაზარზე. შედეგად, სხვა ბაზრებზეც წარმოიქმნება დეფიციტი და გაიზრდება ფასები.

ქართული კარტოფილის მწარმოებლებისთვის ამჟამად ძირითად საექსპორტო ბაზარს რუსეთი წარმოადგენს. მასზე მთლიანი ექსპორტის დაახლოებით ნახევარი მოდის. 2025 წელს საქართველოდან რუსეთში კარტოფილის მიწოდება თითქმის ექვსჯერ გაიზარდა.

ზოგადად, გასულ წელს კარტოფილის ექსპორტი მოცულობის მიხედვით ორჯერ მეტად, ხოლო საექსპორტო შემოსავლების მიხედვით თითქმის სამჯერ გაიზარდა.

ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ 2026 წლის ბოლოსა და 2027 წლის დასაწყისში მსგავსი ვითარება განმეორდება.

2024-2025 წლებში რუსეთში უკვე დაფიქსირდა მსგავსი მდგომარეობა. მაშინ ქვეყანაში კარტოფილის მოსავალი 20%-ით შემცირდა, ხოლო ფასმა ბოლო 20 წლის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. დეფიციტის თავიდან ასაცილებლად რუსეთმა კარტოფილის იმპორტი არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ ჩინეთიდან და მონღოლეთიდანაც გაზარდა.

2026 წელს რუსეთში კარტოფილის სამრეწველო წარმოებისთვის განკუთვნილი ნათესი ფართობი 18-წლიან მინიმუმამდე — 277 800 ჰექტრამდე შემცირდა. დარგის წარმომადგენელთა პროგნოზებით, 2026 წელს კარტოფილის მოსავალი დაახლოებით კიდევ 12%-ით შემცირდება — შარშანდელი 8’500’000 ტონიდან დაახლოებით 7’500’000 ტონამდე.

შესაბამისად, ქვეყნის შიდა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად შესაძლოა 500’000-დან მილიონ ტონამდე კარტოფილის დეფიციტი წარმოიქმნას.

რუსეთში კარტოფილის ფასმა უკვე მოიმატა. აგვისტოს ბოლოს მდგომარეობით, საცალო ვაჭრობაში მისი ფასი წლიურად 35%-ით, ხოლო საბითუმო ვაჭრობაში 33%-ით იყო გაზრდილი. და ეს მხოლოდ დასაწყისია.

ამიტომ, ქართული ფერმერებისთვის სასუქებისა და დიზელის საწვავის გაზრდილი ხარჯები შემაშფოთებელი არ უნდა იყოს. ეს დანახარჯები მათ, დიდი ალბათობით, აუნაზღაურდებათ.

კარტოფილის წარმოება საქართველოში

„კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის“ (CIP) მონაცემებით, საქართველოში კარტოფილის ნათესებს დაახლოებით 25 ათასი ჰექტარი უკავია.

ამასთან, ქვეყანაში კარტოფილის საშუალო მოსავლიანობა კვლავ შედარებით დაბალია — დაახლოებით 12 ტონა ჰექტარზე, რაც ბევრ სხვა ქვეყანას მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

საქართველოში კარტოფილის საშუალო წლიური მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 55 კილოგრამს შეადგენს.

კარტოფილი იმ აგროპროდუქტების შედარებით მცირე ჩამონათვალში შედის, რომელთა წარმოებითაც ქვეყანამ სრული თვითუზრუნველყოფის დონეს მიაღწია. თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 75%-ზე მეტია.

ქართული კარტოფილის ისტორია

ქართული კარტოფილის ისტორია ორ საუკუნეზე მეტს ითვლის – მისი მოყვანა საქართველოში 1818 წლიდან დაიწყეს.

ადგილობრივი კარტოფილის წარმოების პირველ წარმომადგენლებად დუხობორები და გერმანელი ფერმერები მიიჩნევიან, რომლებმაც დასახლებები თბილისის მიმდებარე ტერიტორიებზე დააარსეს. მოგვიანებით კარტოფილის კულტურა გავრცელდა გორსა და ახალციხეშიც.

დღეს კარტოფილი ძირითადად აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში მოჰყავთ. ქვეყნის კარტოფილის წარმოების მთავარ რეგიონებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ნინოწმინდის, ახალქალაქისა და ახალციხის მუნიციპალიტეტები, ასევე ქვემო ქართლის რეგიონის მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტები წარმოადგენს.

კარტოფილის წარმოებამ სხვა რეგიონებშიც მოიკიდა ფეხი — კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლსა და სხვა ტერიტორიებზე.

აღსანიშნავია, რომ ქართული კარტოფილის ერთ-ერთი სახეობა საერთაშორისო სავაჭრო ნიშნადაც იქცა. ბრენდი „ახალქალაქის კარტოფილი“ საქართველოში და ევროკავშირში პროდუქტის დაცულ გეოგრაფიულ აღნიშვნად არის აღიარებული.

2018 წლიდან „ახალქალაქის კარტოფილი“ დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე პროდუქტია. საუბარია ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მოყვანილ კარტოფილზე.

ადგილობრივ ნიადაგში სპილენძის მაღალი შემცველობის გამო მას განსაკუთრებული გემო და დამახასიათებელი მოწითალო შეფერილობა აქვს.

განსაკუთრებით ფასობს ასევე ცნობილი „წალკის კარტოფილი“. ამის ერთ-ერთ მიზეზად ადგილობრივი ნიადაგის თავისებურება სახელდება — იგი მდიდარია ვულკანური წარმოშობის ფერფლით, რაც პროდუქტის თვისებებზე დადებითად აისახება.

ადგილობრივ შავმიწა ნიადაგებში მოყვანილი კარტოფილი ფხვიერი სტრუქტურითა და გამორჩეული გემოთი ხასიათდება.

პირველწყარო: Smart Press — spress.ge