ნინოწმინდაში, თავისუფლების ქუჩის 7-სა და ოვსეპიანის ქუჩის 18-ში მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციისთვის ამჯერად 1 150 320 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები სრულად დაფინანსდება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, თავისუფლების ქუჩის 7-ში მდებარე შენობის ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება დღგ-ის ჩათვლით 744 753 ლარია, ხოლო ოვსეპიანის ქუჩის №18-ში მდებარე შენობის — 405 567 ლარი.
ფულის ხარჯვის ისტორია, რომელიც 2023 წელს დაიწყო
ნინოწმინდაში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია წლების განმავლობაში სხვადასხვა პროგრამისა და ტენდერის ფარგლებში მიმდინარეობდა.
სულ პირველად, სამუშაოები ჯერ კიდევ 2023 წლის ივლისში დაიწყო. თავდაპირველი პროექტი თავისუფლების ქუჩაზე მდებარე 7, 8, 9, 10, 12, 21, 54 და 56 შენობების, ტერიანის ქუჩის 24-ისა და ოვსეპიანის ქუჩის 18-ის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა.
თავდაპირველად 2023 წელს სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 680 ათასი ლარი გამოიყო. ტენდერში კომპანია „X-2“-მა გაიმარჯვა, რომელმაც სამუშაოების შესრულება 675 391 ლარად იკისრა. პროექტის მიხედვით, სამუშაოები 24 კვირაში უნდა დასრულებულიყო და იგი ითვალისწინებდა შენობების კედლებიდან ძველი ქვიშა-ცემენტის ფენის მოცილებას, ახალი ბათქაშის დატანასა და ფასადების წყალგამძლე საღებავით შეღებვას.
ასევე დაგეგმილი იყო სადარბაზოების შესასვლელებში ძველი ფანჯრების დემონტაჟი და მეტალოპლასტმასის ფანჯრების მონტაჟი, სახურავების შეკეთება და წყალსადენის მილების გაყვანა.
2023 წლის აპრილში კომპანია „X-2“-ის ხელმძღვანელმა გიორგი ხოზრევანიძემ განაცხადა, რომ სამუშაოები დადგენილ ვადაში, 2024 წლის 23 იანვრამდე დასრულდებოდა. თუმცა, “ამინდის გაუარესების გამო”, მშენებლობა 2023 წლის ნოემბერში შეჩერდა.
სამუშაოები 2024 წლის აპრილში განახლდა. კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, იმ დროისთვის პროექტის დაახლოებით 70% შესრულებული იყო, დასრულებამდე კი “დაახლოებით ორი თვე” რჩებოდა.
მიუხედავად ამისა, 2024 წლის 30 სექტემბერს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციაზე ახალი ტენდერი გამოცხადდა. ის იმავე შენობებს შეეხებოდა, რომელთა რეაბილიტაციაც წინა პროგრამის ფარგლებში იყო დაგეგმილი.
ახალ ტენდერში კომპანია „ნიკოლამ“ გაიმარჯვა. ხელშეკრულების ღირებულებამ 299’999 ლარი შეადგინა. პროექტი სრულად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სამუშაოები ფასადების განახლებას, თბოიზოლაციასა და შეღებვას ითვალისწინებდა.
რადიო NOR წლების განმავლობაში აშუქებდა ნინოწმინდაში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის პროცესს. ამჟამად თავისუფლების ქუჩის 7-სა და ოვსეპიანის ქუჩის 18-ში მდებარე შენობების ფასადების განახლებისთვის მუნიციპალიტეტმა კვლავ გამოყო დაფინანსება, რომლის საერთო სავარაუდო ღირებულება 1,15 მილიონ ლარს აღემატება.