ნინოწმინდის მერია ახალი საშობაო ნაძვის ხის, საახალწლო განათებისა და დეკორაციების შესაძენად 250’000 ლარის დახარჯვას გეგმავს. ეს ცხრაჯერ მეტია, ვიდრე შარშან იმავე მიზნით გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ღირებულება 27’777 ლარი იყო.
ელექტრონული ტენდერი, განცხადების ნომრით NAT260023201, სახელმწიფო შესყიდვების სისტემაშია ხელმისაწვდომი. წინადადებების მიღება 14 ნოემბერს და სამ საკონნკურსო დღეს გასტანს. გამარჯვებული თანხას ადგილობრივი ბიუჯეტიდან წაიღებს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დაახლოებით ერთ პროცენტს უდრის.
რადიო NOR-მა შეისწავლა სატენდერო კომისიის ოქმი, ფასების ცხრილი და ტექნიკური აღწერა. დოკუმენტებიდან დადგინდა თუ რის ყიდვას გეგმავს მერია და რა კითხვები რჩება პასუხგაუცემელი.
რამდენი იხარჯებოდა წინა წლებში
ნინოწმინდის მერია საახალწლო განათებას, ნაძვის ხესა და დეკორაციებს ყოველწლიურად აფინანსებს. ბოლო ორი წლის თანხები ათეულ ათასობით ლარით იზომებოდა. 2024 წელს ტენდერის სავარაუდო ღირებულება 28’500 ლარი იყო, 2025-ში ხელშეკრულება 27’777 ლარზე გაფორმდა (გაცხადებული 30000 ლარიდან) – შარშან ტენდერში ინდმეწარმე აშოტ კარახანიანმა გაიმარჯვა. მაშინ მერიამ სანათები, დეკორაციები და აქსესუარები შეიძინა, რომლებიც თავისუფლების ქუჩაზე და მეგობრობის პარკის წინ დამონტაჟდა.
წლევანდელი სავარაუდო ღირებულება შარშანდელს 8,3-ჯერ აღემატება, შარშანდელ რეალურ ხარჯს კი 9-ჯერ. განსხვავება ისაც არის, რომ წელს მერია ახალ 14-მეტრიან ნაძვის ხესაც ყიდულობს. რა ბედი ეწია წინა წლებში შეძენილ ინვენტარს, სატენდერო დოკუმენტაციაში არ წერია.
საიდან მოიტანეს ეს თანხა
სატენდერო კომისიის 2026 წლის 5 ნოემბრის ოქმის მიხედვით, ფასის დასადგენად მერიამ ბაზრის კვლევა ჩაატარა. პარამეტრები მომწოდებლებს ელექტრონული ფოსტით გაეგზავნათ, შედგა სატელეფონო საუბრებიც.
კვლევას სამი მომწოდებელი გამოეხმაურა. ოქმში მათი სახელები არ არის მითითებული.
| მომწოდებელი | შეთავაზებული ფასი, ლარი |
|---|---|
| პირველი | 250 000 |
| მეორე | 250 000 |
| მესამე | 261 800 |
ორმა მომწოდებელმა ზუსტად ერთნაირი თანხა დაასახელა. სწორედ ეს თანხა განისაზღვრა ტენდერის სავარაუდო ღირებულებად. როგორ განაწილდა თანხა ცალკეულ ნივთებზე, ოქმიდან არ ჩანს: ერთეულის ფასები მასში არ არის.
ოქმშივე წერია, რომ ამ შესყიდვისთვის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 250 ათასი ლარია გამოყოფილი. თანხა ჯერ გამოიყო და კვლევა შემდეგ ჩატარდა თუ პირიქით, დოკუმენტიდან არ იკვეთება.
კომისიამ ტენდერი NAT წესით გამოაცხადა. ეს ელექტრონული ტენდერია აუქციონის გარეშე: მონაწილეები ფასს ერთხელ ასახელებენ და ვაჭრობის რაუნდები არ იმართება. კონკურენციაზე ოქმში ერთი წინადადებაა: სახელმწიფო შესყიდვების სისტემის მონაცემებით ბაზარზე «არაერთი პირი ოპერირებს», რომელსაც ტენდერში მონაწილეობა შეუძლია.
რას ყიდულობს მერია
ფასების ცხრილში 39 პოზიციაა. მთავარი შენაძენი 14-მეტრიანი ღეროვანი ნაძვის ხეა დასამაგრებელი ტოტებითა და 2-მეტრიანი ვარსკვლავით.
რაოდენობები, რომლებიც ცხრილიდან იკვეთება:
- დაახლოებით 2600 ბურთი. ნაძვის ხის ბურთი «არანაკლებ 25 სმ» ცხრილში ორჯერ წერია: 800 და 1000 ცალი. ამას ემატება 750 ბურგუნდისფერი და 50 ოქროსფერი ბურთი.
- დაახლოებით 12 კილომეტრის სიგრძის განათება. 10-მეტრიანი LED სტრინგი ორ პოზიციადაა ჩაწერილი, 300 და 600 ცალი, ანუ 9 კმ. დანარჩენი «ჯონჯოლი», დიოდური მილი, ციმციმა ნათურები და გირლანდებია.
- 300 კგ ლითონის მავთული და 10 «სარეკლამო ტიპის» ფრთისებრი დროშა.
სრული სია:
| დასახელება | რაოდენობა |
|---|---|
| მთავარი ნაძვის ხე, 14 მ, 2-მეტრიანი ვარსკვლავით | 1 ცალი |
| 3D ფიფქი, 2,40 მ | 2 ცალი |
| ოქროსფერი დეკორაცია «2027», 2 მ | 1 ცალი |
| დეკორატიული ციგა | 1 ცალი |
| ოქროსფერი მანათობელი დიოდური მილი | 500 მ |
| «ყინულის ლოლოების» განათება | 2 ცალი |
| თოვლის კაცების სვეტი | 2 ცალი |
| სარეკლამო ტიპის ფრთისებრი დროშა, 1,70 მ | 10 ცალი |
| გნომები, 1,80 მ | 2 ცალი |
| საჩუქრის ყუთი | 60 ცალი |
| გიგანტური ნაძვის ხის სათამაშო | 5 ცალი |
| წითელი ლამპიონი, 1,80 მ | 15 ცალი |
| მანათობელი ირმების ოჯახი | 2 ცალი |
| საახალწლო აქსესუარების ნაკრები | 1 ცალი |
| სადღესასწაულო თაღი და გირლანდები | 30 მ |
| საშობაო თაღი და ბანერი | 2 ცალი |
| დეკორატიული მატარებელი | 1 ცალი |
| ოქროსფერი ბურთი ბაფთით | 50 ცალი |
| ვარსკვლავისა და ნაძვის ფორმის ფერადი ნათურები | 200 მ |
| შიდა გზების ნათურები | 120 მ |
| საახალწლო და საშობაო განათება, 6×3 მ | 4 ცალი |
| ვარსკვლავებიანი ფარდა-განათება, 6×3 მ | 2 ცალი |
| ჯოხი ვარსკვლავით, 1,80 მ | 20 ცალი |
| სასაჩუქრე ყუთის ნაკრები, 2 მ | 3 ცალი |
| ბურგუნდისფერი ბურთი და შამპანურისფერი ბაფთა | 750 ცალი |
| «ჯონჯოლი», 10 მ, თეთრი | 100 ცალი |
| LED სტრინგი, 10 მ, ოქროსფერი | 300 ცალი |
| ლითონის მავთული, 3 მმ | 300 კგ |
| მანათობელი კანფეტის ჯოხი, 1,80 მ | 20 ცალი |
| დეკორი, 1,80 მ | 20 ცალი |
| საახალწლო აქსესუარი, 44×21×126 სმ | 5 ცალი |
| გასაბერი დეკორაცია, 1,90 მ | 2 ცალი |
| გასაბერი დეკორაცია, 1,60 მ | 3 ცალი |
| 2D მანათობელი ნეონის ფიფქი, 60 სმ | 60 ცალი |
| LED სტრინგი, 10 მ, მწვანე კაბელზე | 600 ცალი |
| ნაძვის ხის ბურთი, არანაკლებ 25 სმ | 800 ცალი |
| ნაძვის ხის საახალწლო საკიდი ბურთი, არანაკლებ 25 სმ | 1000 ცალი |
| ნაძვის ხის ფერადი ციმციმა ნათურები | 1000 მ |
| ნაძვის ხის ბროლის გირლანდა | 150 მ |
«შემსყიდველთან შეთანხმებით»
39 პოზიციიდან 35-ის აღწერაში წერია «შემსყიდველთან შეთანხმებით». ბევრ შემთხვევაში ეს ერთადერთი მახასიათებელია ზომის გარდა, ზოგგან კი ზომაც და ფერიც «შეთანხმებით» განისაზღვრება. მასალა, სიმძლავრე, მწარმოებელი და გარანტიის ვადა აღწერაში არ არის.
ასე არის აღწერილი მთავარი ნაძვის ხეც: ცნობილია მხოლოდ სიმაღლე და ვარსკვლავის კონსტრუქცია, «ფერი და დანარჩენი დეტალები შემსყიდველთან შეთანხმებით».
დოკუმენტებში სხვა უზუსტობებიც არის:
- ესკიზების გრაფაში ნახაზების ნაცვლად ფოტოებია. ხუთ პოზიციას, მათ შორის 1800 ბურთსა და 600 LED სტრინგს, აწერია «ფოტოს გარეშე».
- ფასების ცხრილის სათაურში წერია «შესყიდვა და მონტაჟი», ტექნიკური აღწერის სათაურში კი «შესყიდვა და მონტაჟი-დემონტაჟი».
- ცხრილის ნუმერაცია არეულია, ნაწილ სტრიქონებს ნომერი არ აქვს. ერთ ადგილას ზომის ერთეულად «ცალი» წერია, რაოდენობად კი «30 მ».
- «საჩუქრის ყუთი (20 ნაკრები)» 60 ცალადაა ჩაწერილი. ერთეულად ყუთი ითვლება თუ ნაკრები, არ ზუსტდება.
რას ნიშნავს მეოთხედი მილიონი ლარი ნინოწმინდისთვის
საკრებულოს მიერ 2025 წლის 24 დეკემბერს დამტკიცებული 2026 წლის ბიუჯეტი 24,3 მილიონ ლარს შეადგენს. საახალწლო ტენდერი ამ თანხის დაახლოებით 1%-ია.
შედარებისთვის, ნინოწმინდის თემის წლიური ბიუჯეტის რამდენიმე მუხლი, შედარებისთვის:
- საახალწლო ტენდერი (სავარაუდო ღირებულება): 250000 ლარი.
- ქალაქის გარე განათება: 155000 ლარი.
- მუსიკალური სკოლა: 275000 ლარი.
- მთავარი და ერთადერთი მსხვილი ბიბლიოთეკა: 130600 ლარი.
- ტრადიციული და კალენდარული დღესასწაულები: 75000 ლარი.
დღესასწაულების მთელ წლიურ მუხლს ტენდერი 3,3-ჯერ აღემატება. ციფრები ბიუჯეტის პირველადი რედაქციიდანაა. წლის განმავლობაში საკრებულომ ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა. რომელი საბიუჯეტო კოდიდან ფინანსდება საახალწლო შესყიდვა, სატენდერო კომისიის ოქმში მითითებული არ არის.
ვადები და გადაწყვეტილების მიმღები
შესყიდვის ინიცირებიდან წინადადებების მიღების დასრულებამდე სამი კვირა გადის. მივყვეთ ქრონოლოგიას:
- ამა წლის 26 ოქტომბერს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის განყოფილება წერილით ითხოვს შესყიდვას.
- 5 ნოემბერს სატენდერო კომისია ამტკიცებს დოკუმენტაციას და აცხადებს ტენდერს
- 14 ნოემბერს იწყება წინადადებების მიღება, ხოლო სამ დღეში, 17 ნოემბერს, ნაჭუადღევს შემოთავაზებების მიღება მთავრდება.
წინადადების წარსადგენად მომწოდებლებს დაახლოებით სამნახევარი დღე აქვთ, რომლიდან ორი შაბათ-კვირაა. ბაზრის კვლევაში მონაწილე სამმა მომწოდებელმა შესყიდვის პარამეტრები 5 ნოემბრამდე იცოდა.
სატენდერო კომისიას მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე მიქელაძე თავმჯდომარეობს. კომისიაში შედიან მერიის შესყიდვების, საფინანსო-საბიუჯეტო და იურიდიული სამსახურების უფროსები და არქიტექტურის მიმართულების ორი თანამშრომელი.
კითხვები, რომლებზეც პასუხი არ არის
ნინოწმინდის მერიაში ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტები რამდენიმე კითხვას ღიად ტოვებს:
- სად არის წინა წლებში შეძენილი საახალწლო განათება და დეკორაციები და რატომ ვერ გამოიყენება ისინი წელს?
- რის საფუძველზე გაიზარდა ხარჯი შარშანდელთან შედარებით ცხრაჯერ?
- ვინ არის ბაზრის კვლევაში მონაწილე სამი მომწოდებელი და როგორ შეაფასა ორმა მათგანმა 39 პოზიცია ზუსტად ერთნაირ თანხად?
- როგორ დაითვალა ფასი, თუ ნივთების დიდი ნაწილის მახასიათებლები «შემსყიდველთან შეთანხმებით» განისაზღვრება?
- რატომ აირჩია კომისიამ ტენდერი აუქციონის გარეშე?
- შედის თუ არა ფასში დემონტაჟი და სად შეინახება [ან გაიყიდება] ახალი ინვენტარი დღესასწაულების შემდეგ?
რადიო NOR მზად არის გამოაქვეყნოს მერიის განმარტებები.
მასალაში გამოყენებული წყაროები:
- სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა, ტენდერი NAT260023201
(სატენდერო კომისიის ოქმი №1, ფასების ცხრილი, ტექნიკური აღწერა). - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი.
- რადიო NOR, 13.12.2025.