ქალაქის ახლად მოასფალტებულ ქუჩებზე გზა მოინიშნება და საგზაო ნიშნები დამონტაჟდება

ქალაქის ახლად მოასფალტებულ ქუჩებზე გზა მოინიშნება და საგზაო ნიშნები დამონტაჟდება

ახლად მოასფალტებული ქუჩები ნინოწმინდაში მოინიშნა, თუმცა ცენტრალურ ქუჩაზე გასული წლის შემდეგ ამგვარი სამუშაოები არ ჩატარებულა.

კეცხოველისა და მეგობრობის ქუჩების დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე მოასფალტების სამუშაოები დასრულებულია. პროექტის მიხედვით აქ გათვალისწინებული იყო ცალმხრივი ტროტუარის მოწყობა, გზის მონაკვეთის მონიშვნა და საგზაო ნიშნების დაყენება. როგორც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურიდან შევიტყვეთ, საგზაო ნიშნების მონტაჟის სამუშაოები პროცესშია და მალე დასრულდება.

პროექტით გათვალისწინებული საგზაო ნიშნები და მათი დაყენების ადგილები კეცხოველისა და მეგობრობის ქუჩების დამაკავშირებელ გზაზე

კითხვაზე, იქნება თუ არა გზა მონიშნული და დამონტაჟებული საგზაო ნიშნები ქალაქის სხვა ქუჩებზეც, ინფრასტრუქტურის სამსახურში გვიპასუხეს, რომ ზოგიერთი ქუჩისთვის ეს სამუშაოები გათვალისწინებულია, მაგრამ, რაც შეეხება კორპუსების ეზოებს ან ჩიხებს, იქ საგზაო ნიშნების მონტაჟს არ აქვს აზრი.

გარდა ზემოთ აღნიშნული გზის მონაკვეთისა, საგზაო ნიშნების სამონტაჟე სამუშაოები დაგეგმილია ნინოშვილის ქუჩაზეც.

ნინოწმინდის ცენტრალური (თავისუფლების) ქუჩა

რაც შეეხება ცენტრალურ (თავისუფლების) ქუჩას, ამ ქუჩაზე ნებისმიერ სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უძღვება. გასულ წელს გზის მონაკვეთი მოინიშნა, თუმცა საღებავი მოძველდა, ცენტრალურ გზაზე ასფალტის ფენა კი თანდათან ზიანდება.