დღეს, 15 აგვისტოს, ნინოწმინდის მერიაში გაიმართა მრჩეველთა საბჭოს სხდომა, სადაც მერისა და საბჭოს წევრებს შორის განხილვები მიმდინარეობდა.
განხილულ იქნა მერიის მიერ განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრქუტურული სამუშაოები. როგორც მერმა, ანივარდ მოსოიანმა განუცხადა დამსწრეებს, მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია მუნიციპალიტეტის გზების კეთილმოწყობა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტში სოფლებისკენ მიმავალი გზების დიდი ნაწილი მოასფალტებულია, და დარჩენილია მხოლოდ ორი სოფელი, რომლებისკენ მიმავალ გზებზეც არ არის განხორციელებული ეს სამუშაოები. ხოლო ზოგ სოფელში, როგორც მიმდინარე და დასრულებული ტენდერებიდანაც ჩანს ასფალტი სოფლის შიდა გზებზეც არის დაგებული.
“რაც შეეხება ქალაქს, ხედავთ, რომ აქ თითქმის ყველა ქუჩა მოასფალტებულია, დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე მცირე მონაკვეთი”, – თქვა მერმა საკითხის მოხსენების დროს.
მიუხედავად ჩატარებული და ჩასატარებელი სამუშაოებისა, მოსახლეობის ნაწილი უკმაყოფილოა, რადგან, როგორც ამბობენ ქალაქის გარკვეული ქუჩების ან/და სოფლების მცხოვრებლები, სამუშაოები უხარისხოდ ტარდება: ასფალტის ფენა ზოგ ადგილას იშლება, უხვი ნალექებისა და სანიაღვრე სისტემის არარსებობის გამო კი წვიმების შემდგომ დაგროვილი წყალი ადამიანების ეზოებს ატბორებს.
- პუშკინის ქუჩაზე ეზოები იტბორება – არსებული სანიაღვრე სისტემა მოლოდინებს არ ამართლებს
- მეგობრობის ქუჩის მოასფალტებას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. რატომ?
ანივარდ მოსოიანმა [მერმა] ასევე ქალაქ ნინოწმინდის სკვერებსა და პარკებში ვანდალიზმის ფაქტებთან დაკავშირებით ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ ნინოწმინდის რეკრეაციული ზონების ტერიტორიაზე ხშირია დაბინძურებისა და ინვენტარის დაზიანების ფაქტები. ამჟამად ცენტრალურ პარკს არ ჰყავს ზედამხედველი, რის გამოც კომუნალური (საქალაქო დასუფთავების) სამსახური ყოველ დილით ასუფთავებს ტერიტორიას. რაც შეეხება ჰაიოს-ქართლოსის პარკს, ამ ლოკაციას სოციალური პროგრამით დასაქმებული ერთ-ერთი ბენეფიციარი უწევს ზედამხედველობას, თუმცა იგი მხოლოდ დასუფთავებაზეა პასუხისმგებელი.
ამ და სხვა საკითხების [მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების] შესახებ საბჭოს წევრებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. თუმცა პროექტის წარმომადგენელმა, მრჩეველთა საბჭოს, გარკვეული რეკომენდაციები მისცა სამომავლოდ. როგორც მან აღნიშნა, უმჯობესი იქნება, თუ საბჭოს წევრები მოსახლეობის საჭიროებებს გამოიკვლევენ და სხდომაზე კონკრეტულად ამ საკითხებზეც იმსჯელებენ, რაც დღევანდელ შეხვედრაზე არ იყო.
ნინოწმინდის მერმა, ანივარდ მოსოიანმა და კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდული საქმეებისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსმა ლევონ ვარდანიანმა დააანონსეს ქალაქის დღის აღნიშვნა სექტემბერში.
მრჩეველთა საბჭო შექმნილია „ახალქალაქისა და ნინოწმინდის თვითმმართველობების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესება“ პროექტის ფარგლებში და ხორციელდება ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრის “სამოქალაქო განათლების ინიციატივა” პროექტის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ფინანსდება. ინიციატივის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების, როგორც დამოუკიდებელი, მდგრად, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ფაქტორის გაძლიერება საქართველოს მასშტაბით.