მარცვლეულის მოსავალი კარგია, ფასები – დაბალი

მარცვლეულის მოსავალი კარგია, ფასები – დაბალი

მარცვლეულის მოსავლის სეზონი დასასრულს უახლოვდება. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 2023 წლის სასოფლო-სამეურნეო სეზონი წარმატებული და ხელსაყრელი აღმოჩნდა მარცვლეული კულტურების მოყვანისთვის.

მოსახლეობის თქმით, წელს მარცვლეულის მოსავლიანობა შედარებით კარგია. მიუხედავად სეტყვისგან მიღებული მცირე ზიანისა, გადარჩენილი ტერიტორიები კარგი მოსავლით გამოირჩევიან.

ნინოწმინდაში ხორბალი და შვრია ძირითადად პირუტყვის საკვებად გამოიყენება, მცირე ნაწილი კი წისქვილებში მიდის.

Radio NOR · Сезон сбора урожая зерновых

“მარცვლეულის მეასედის აღება 2.50-დან 3 ლარამდე ღირს. კულტურების ფასი დაახლოებით 40-დან 50 თეთრამდეა. ეს არის ძალიან დაბალი ფასი, რომელიც თვითღირებულებასაც კი არ ფარავს. ზოგან, წვიმებისა და სეტყვის გამო, ხორბალი მიწასთანაა გაასწორებული და ამიტომ მოთიბვა რთულია”, – ამბობენ სოფელ არაქალის მცხოვრებლები.

მარცვლეულის მოსავლიანობა წელს შედარებით კარგია. მართალია, სეტყვამ ბევრ ფერმერს ზიანი მიაყენა, მაგრამ იქ, სადაც სეტყვა არ იყო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსავლიანობა კარგია. წელს ამინდი ხელსაყრელი იყო მარცვლეულისა და თივისთვის. მაგრამ იმის გამო, რომ დიზელის ფასი მაღალია, გაზრდილია მომსახურების ფასებიც, რაც ფერმერებისთვის მიუღებელია.

ფერმერები აღნიშნავენ, რომ მუნიციპალიტეტს არ გააჩნია შესაბამისი აღჭურვილობა მარცვლეული კულტურების დასამუშავებლად, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეაფერხოს მოსავალის აღება და გავლენა იქონიოს მის ხარისხზე. ხალხი მოსავლის ასაღებად რიგში დგას.

მოსახლეობის თქმით, ამდენი ძალისხმევისა და ფინანსების ჩადებას ამ საქმეში აზრი აღარ აქვს, რადგან ამონაგებს ვერ იღებენ. მიწის დამუშავების ფასები ძალიან მაღალია და ყოველწლიურად იზრდება, ხოლო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ფასი ძალიან დაბალია.

ბევრისთვის მარცვლეულის მოყვანა შემოსავლის წყაროა, ზოგი კი მხოლოდ რამდენიმე მეასედ მიწას თესავს პირადი გამოყენებისთვის.

ზოგადად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შეადგენს 81556.52 ჰექტარს, აქედან 15516.56 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწაა, 6816.79 ჰექტარი – სათიბი,  49298.95 ჰექტარი –  საძოვრები, 27.93 ჰექტარი – ბაღები, 9860.31 ჰექტარი – ბოსტანი. 2022 წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 3,950 ჰექტარი დაითესა.

ასევე იხილეთ: