სოფელ თორიაში მოსახლეობა უკვე რამდენიმე წელია ელოდება სპორტდარბაზის მშენებლობას.
მშენებლობის პროცესი ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს. თავიდან სოფელში არ იყო შესაბამისი ადგილი იმისათვის, რომ სპორტული დარბაზი აშენებულიყო, თუმცა ეს პრობლემა მოგვარდა და შემდეგ დაიწყო საძირკვლის მოწყობის სამუშაოები, რომელიც 2020 წლის სექტემბერში მიმდინარეობდა “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში, სამუშაოებისთვის კი 16 000 ლარი იყო გათვალისწინებული.
ფოტო რადიო NOR-ის არქივიდან
- დაპირებებიდან რეალობამდე: დაუმთავრებელი სპორტული დარბაზის ისტორია თორიაში
- თორიის მოსახლეობას სურს მყუდრო ადგილი ურთიერთკომუნიკაციისა და დასვენებისთვის
- მოსახლეობა სასაფლაოზე ვერ მიდის: გაუვალი გზა თორიაში
თორიას მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ მათ ძალიან სჭირდებათ ეს სპორტდარბაზი, რადგან ახალგაზრდებს არ აქვთ შესაბამისი ადგილი იმისთვის, რომ დაკავდნენ სპორტით და თავისუფალი დრო გაატარონ, ხოლო ჩემპიონატებისა და სხვა ღონისძიებების ჩასატარებლად იძულებულნი არიან სხვა სოფელში წავიდნენ. რადიო NOR-თან საუბარში თორიაში მცხოვრებმა რუბენ მალხასიანმა განაცხადა:
“გვაქვს დაუმთავრებელი სპორტული დარბაზი, გადავწყვიტეთ, რომ სპორტული დარბაზის მშენებლობისთვის 16 000 ლარი გამოყოფილიყო. სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრაზე მერის მოადგილემ არმენ ბდოიანმა პირობა დადო, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 72 000 ლარი უნდა გამოიყოს, რათა წელს (2023) სპორტული დარბაზის მშენებლობა დასრულდეს. მაგრამ დაპირება არ შესრულდა.”
გუშინ, 2024 წლის 28 თებერვალს, ნინოწმინდის მერიამ გამოაცხადა სოფელ თორიაში სპორტდარბაზის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვის შესაბამისი ელექტრონული ტენდერი (NAT240004396). გამოყოფილი თანხა შეადგენს 285 000 ლარს. თანხა მთლიანად დაფინანსებულია ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ტენდერში მონაწილეობის წინადადების მიღება 8 მარტს დაიწყება.
დამატებით ინფორმაციას რადიო NOR-ი ეტაპობრივად გაგაცნობთ.
სპორტდარბაზის საბოლოო ხედი
ფოტოს წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო